Monday, September 30, 2013


მარაბდის დღესასწაულები, ადათ-წესები

by Giorgi Tedoradze — last modified 2011-01-08 14:26


მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დღემდე შემორჩენილი რიტუალებიდან, უპირველესად აღსანიშნავია საქორწინო და სამგლოვიარო ტიპის რიტუალები. მნიშვნელოვანია ასევე, ხალხური ქცევის სანახაობები და გარკვეული რელიგიური დღესასწაულები, ისეთები როგორიცაა სვეტიცხოვლობა, გიორგობა, შობა, აღდგომა და ა.შ.

კონკრეტულად ჩვენი სოფლის დღესასწაულებიდან აღსანიშნავია მარაბდობა, რომელიც ყოველი წლის 1 ივლლისს აღინიშნება. ამ დღეს იკრიბება მთელი სოფლის მოსახლეობა, ასევე მოწვეული სტუმრები და ყველა ერთად პატივს მიაგებენ  1625 წლის  22 ივნისს მარაბდის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. წლევანდელ მარაბდობაზე სხვა მოწვეულ და საზოგადოებისთვის ცნობილ ადამინებთან ერთად ბრძანდებოდნენ მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია,  საპატრიარქოს ჩოხოსანთა დასი - პროფესორ გოგი დოლიძის ხელმძღვანელობით. მას შემდეგ რაც, ქვემო ქართლის ეპისკოპოსმა მეუფე ანანიამ 1625 წლის მარაბდის ბრძოლის დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადა,  შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბატონებმა გოგი დოლიძემ, რეზო ესაძემ, ჯუმბერ ლომინაძემ და სხვებმა. შემდეგ ჩვეულებისამებრ მოწვეულმა ანსამბლებმა გამართეს  სიმღერა და ცეკვა. აქვე ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ცხრა ძმა ხერხეულიძე დედასთან ერთად საპატრიარქოს წმინდა სინოდმა წმინდანებად შერაცხა.

მარაბდის დღესასწაულები, ადათ-წესები - dsc02702.jpg

მარაბდობა 2008
მარაბდის დღესასწაულები, ადათ-წესები - dsc02703.jpg

მარაბდობა 2008
მარაბდის დღესასწაულები, ადათ-წესები - dsc02707.jpg

მარაბდობა 2008
მარაბდის დღესასწაულები, ადათ-წესები - dsc02709.jpg

ბატონი გოგი დოლიძე მარაბდობაზე
მარაბდის დღესასწაულები, ადათ-წესები - dsc02706.jpg

მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები მარაბდობაზე
მარაბდის დღესასწაულები, ადათ-წესები - dsc03145.jpg

მარაბდის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია
მარაბდის დღესასწაულები, ადათ-წესები - dsc03142.jpg

მარაბდის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია
მარაბდის დღესასწაულები, ადათ-წესები - dsc03141.jpg

ახლად აშენებული სამრეკლო
Creative Commons License

Friday, September 27, 2013

ჩემი თბილისი

ჩემი თბილისი                





სვეტიცხოვლობას გილოცავთ!

შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი,,

როგორ და რატომ უნდა დავიცვათ მშობლიური ენა
ავტორი: თინათინ სახელაშვილი
გასული საუკუნის მიწურულს მასშტაბურ რუსიფიკაციას გადავურჩით და მშობლიურ ენას სტატუსი სისხლის ფასად შევუნარჩუნეთ, "დედა ენას” ძეგლიც კი დავუდგით, მაგრამ წარსულთან კავშირის გაწყვეტა ვერ შევძელით, მეხსიერებიდან ბევრი რამ ვერ ამოვშალეთ და ერთი მეტად "მნიშვნელოვანი” მონაპოვარი შვილებსა და შვილიშვილებს შემოვუნახეთ. კერძოდ, მშობლიური ენა უსარგებლო, ზედმეტი რუსული სიტყვებით ავავსეთ.


საინტერესოა, რომ თანამედროვე ახალგაზრდებმა ცუდად იციან რუსული ენა, არც ისე კარგად იცნობენ რუსულ ლიტერატურას, მაგრამ საუბრისას გაუცნობიერებლად იყენებენ რუსულ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც კალკირების გზით დამკვიდრდა ენაში ან უბრალოდ ბარბარიზმია. ვინ არის დამნაშავე? რასაკვირველია, კონკრეტულად არავინ და იმავდროულად ყველა, რადგან მხოლოდ საზოგადოებას მოეთხოვება პასუხი ენის შებღალვისა და დაბინძურების გამო, განსაკუთრებით კი ბეჭდურ და სატელევიზიო მედიას, რომელიც საზოგადოების სახეა. თანამედროვე ადამიანი ინფორმაციას მედიასაშუალებებით იღებს, ამიტომ ჟურნალისტებსა და ტელეწამყვანებს ყველაზე კარგად და გამართულად უნდა შეეძლოთ საუბარი, წერა. იგივე ითქმის გამომცემლობებში დასაქმებულ კორექტორებზეც. გაოცება ვერ დავმალე, როდესაც პირველკლასელებისთვის განკუთვნილ მშობლიური ენის სახელმძღვანელოში ლამაზი ასოებით დაბეჭდილი სიტყვა "გარაჟი” ამოვიკითხე...

ახალ თაობას რას ვერჩით, ენის სიწმინდე ჯერ უფროსებმა უნდა დავიცვათ და მერე მოვთხოვოთ ბავშვებს.
მავანს იქნებ ჰგონია, რომ ენის ცოდნა მხოლოდ გრამატიკული ნორმების მართებული გამოყენებაა. ცხადია, წესები აუცილებელია, მაგრამ უმთავრესი ხომ ქართული სიტყვებია, ბარბარიზმებით მართლმეტყველება განა შესაძლებელია?! ვაჟა-ფშაველა გრამატიკული ნორმების დაცვით როდი წერდა, მაგრამ ის კარგი მოქართულე იყო. ნიკო ლორთქიფანიძის ნოველებში ხშირად დარღვეულია ზმნებისა და ზმნიზედების მართლწერის წესი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მწერალი ცუდი ქართულით წერდა. აქ მკითხველი იტყვის, მწერალს ყველაფერი ეპატიებაო. რასაკვირველია, ასეა, მაგრამ იქნებ უმჯობესია, ქართული სიტყვები უფრო მეტად შევაყვაროთ ახალგაზრდებს და ენა გავწმინდოთ. ჩვენმა ბავშვებმა სკოლაში გრამატიკა ზმნის გასარჩევად ან მაღალი შეფასების მისაღებად კი არ უნდა ისწავლონ, არამედ ყოველდღიური მეტყველების დასახვეწად. სხვაგვარად სამეტყველო და ლიტერატურული ენა უფრო მეტად დაშორდება ერთმანეთს, რაც სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.
პატრიოტიზმი მხოლოდ სატელევიზიო ეთერში პათეტიკური ტონით საუბარი როდია; სამშობლოს სიყვარული, უწინარესად, მისი ძირითადი კომპონენტების პატივისცემას გულისხმობს, ენა კი ერის თვითმყოფადობის საზომი და ნიშანია. რა დიდიც უნდა იყოს ტერიტორია, თუ მასზე მოსახლე ადამიანების უმრავლესობა ერთსა და იმავე ენაზე არ ლაპარაკობს, ერი ვერ იარსებებს, გადაშენდება. ისტორიას ამის არაერთი მაგალითი ახსოვს.
ყველამ იცის, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ერი და სახელმწიფო შედგეს, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს საკუთარ მოვალეობას სამშობლოს წინაშე. მკერდში მჯიღის ცემა, ანთებული თვალები, მგზნებარე ტაში, ცრუ პატრიოტიზმი და უსარგებლო ყიჟინი ქვეყანას ვერ გააძლიერებს. ყველაფერი მარტივია, უბრალოდ, მეპურემ პური უნდა აცხოს, მასწავლებელმა ასწავლოს, ექიმმა მოარჩინოს...
ხშირად ამბობენ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლება და ახალი სიტყვებით ივსება. ქართული კულტურა ძალზე ახლოს იყო ბეძნულ-რომაულ, სპარსულ კულტურებთან, შესაბამისად, თანამედროვე ქართულში შემორჩენილია ამ ენებიდან შემოსული სიტყვები. ამაში საოცარი არაფერია, ეს ბუნებრივი პროცესია, რომელსაც ბევრი კარგიც აქვს. ენა რომ გამდიდრდეს და განვითარება განაგრძოს, ზოგჯერ სესხება და საერთაშორისო სიტყვების შემოტანა აუცილებელიც კია, მაგრამ ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს - თუ გადავაჭარბეთ, საბოლოოდ იქამდე მივალთ, რომ ქართული ენა დიდი ქალაქებიდან ნელ-ნელა გაქრება.
ციტატა ერთი მეცნიერის ნაშრომიდან: „ენის ორგანიზმში ნასესხები სიტყვების შემოტანა ერთგვარი აცრაა, მაგრამ აცრა არა მაავადებელი შხამით, არამედ მაცოცხლებელი ნივთიერებით და ეს პროცედურა ენის განმაახლებელი საშუალებაა. ხოლო თუ ეს ნივთიერება ჭარბად მოხვდა ენის ორგანიზმში, თვით ენა მოერევა მას, ოღონდ ავტორიტეტული მწერლებისა და ენის თეორეტიკოსების დახმარებით”. დასკვნა თავად უნდა გამოვიტანოთ. სესხება გამართლებულია - საზოგადოება დროსა და სივრცეში იცვლება და მასთან ერთად მისი სამეტყველო ენაც უნდა შეიცვალოს, მაგრამ შეცვლა არ ნიშნავს უარყოფას. თანამედროვე მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ აღნიშნულ საკითხს. ძველი ქართული სიტყვები ჯერ კიდევ ახსოვთ სოფლებსა და დაბებში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს, მათი მეტყველება რუსულმა და ინგლისურმა ენებმა ვერ შებღალა.
შესაძლოა, მრავალმა ჩვენგანმა არც კი იცოდეს, რომ ისეთი სიტყვები, როგორებიცაა "ქალაქი”, "ქუჩა”, "ოთახი”, "ფანჯარა”, სირიული და სპარსული წარმოშობისაა, მაგრამ იმდენად შეთვისებული და მიღებული, რომ ქართველებს ქართული გვგონია. ხშირად მწერლები, საზოგადო მოღვაწეები თავადაც ქმნიან სიტყვებს. სიტყვა "გაზი” მე-17 საუკუნეში შექმნა ჰოლანდიელმა ქიმიკოსმა ჰელმონტმა; "ლილიპუტი” ჯონათან სვიფტმა 1726 წელს პირველად გამოიყენა თავის ცნობილ ნაწარმოებში; "რობოტი” ჩეხმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა შემოიღო სიტყვახმარებაში. ეს ის ხელოვნურად შექმნილი სიტყვებია, რომლებიც დღეს ყველამ იცის, მაგრამ დასანანია, როდესაც ენაში უკვე არსებულს ენაცვლება უცხოურიდან შემოსული და მკვიდრდება ისე, რომ საზოგადოება ივიწყებს მშობლიურს.
ბოლო ხანს მოდური გახდა უცხო, გადაპრანჭული და რთული სიტყვებით საუბარი. წინათ წარჩინებულ ოჯახებში მეტყველებისას რუსულ ფრაზებს იყენებდნენ, რაც მათ "განსწავლულობასა” და "კეთილშობილ წარმომავლობას” უსვამდა ხაზს. დღეს რუსული ინგლისურმა შეცვალა. თუ გსურთ, უცხო საზოგადოებაში თავი გამოიჩინოთ და სასურველი შთაბეჭდილება მოახდინოთ, მეტყველებაში რამდენიმე ინგლისური ფრაზა გაურიეთ. ან, მაგალითად, თუ გსურთ, თქვათ "შთაგონება”, მის ნაცვლად "ინსპირაცია” გამოიყენეთ - ლათინური წარმოშობის (inspiratio) სიტყვა, რომელიც თანამედროვე ქართულმა საზოგადოებამ ახლახან აღმოაჩინა და ისე შეიყვარა, დაავიწყდა კიდეც, რომ ქართულ ენაში მისი შესატყვისი არსებობს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას არაჩვეულებრივ დიალოგს შევესწარი. ორი ახალგაზრდა ქართული ენის შესახებ საუბრობდა. დასკვნა ასეთი იყო: "ნამდვილი ფანტასტიკაა”, - მაგრამ ეს ეპითეტი არა დადებითი, არამედ უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ აწ უკვე შესისხლხორცებული "ბალკონი”, "კუხნა”, "სუმკა”, "ტუფლი” და მრავალი სხვა ამ ახალგაზრდების შინაგან სამყაროსთან უფრო ახლოს იყო, ვიდრე ჩვენი სათაყვანებელი, ლაზათიანი, უხვი და მოქნილი ქართული. უნებლიეთ ნიკო გომელაურის ფრაზა გამახსენდა ლექსიდან „ენა, მამული": "ამბიცია ულევია, ინტელექტი - ნოლი”. ჩვენ ხომ ძალიან თავდაჯერებული და ამბიციური ერი ვართ, ვინმემ რომ გვკითხოს, სამშობლო ჩვენზე მეტად დედამიწის ზურგზე არავის უყვარს, მაგრამ გვავიწყდება, რით იწყება სამშობლოს სიყვარული და რა ქმნის ერთობას. საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში განიცდიდა ახლო თუ შორეული მეზობლების პოლიტიკურ-კულტურულ და ეკონომიკურ გავლენას, რაც ერის ყოფა-ცხოვრებაზე აისახებოდა. ასეა დღესაც და ამიტომ მით უფრო საჭიროა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება, რაც თავის დროზე ქართულმა საზოგადოებამ თავდაუზოგავი და შეუპოვარი ფიზიკურ- იდეოლოგიური ბრძოლით მოახერხა. აი, რას წერდა ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი ქართული ენის შესახებ: „მიუხედავად უთანასწორო ბრძოლისა, რომელიც ქართულ ენას ჰქონდა სხვა კულტურულ ენებთან, ქართული ყოველთვის ღირსეულად იმარჯვებდა და ძლიერ საყრდენს წარმოადგენდა ქართული საზოგადოებისთვის”.
ვფიქრობ, კითხვაზე „რატომ?" პასუხი ნაწილობრივ უკვე გავეცი. ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გიორგი მერჩულემ ბრწყინვალედ განსაზღვრა ქართული ენის მნიშვნელობა: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების". მოგვიანებით ილიას ცნობილი სიტყვები მთელმა საქართველომ აიტაცა და სამუდამოდ ამოიქარგა გულსა და გონებაში. რაც შეეხება კითხვას „როგორ?", აქაც ყველაფერი ძალზე მარტივია. მშობელმა არ უნდა იფიქროს, რომ ბავშვი ქართულად სწორად მეტყველებას სკოლაში სწავლობს და მთელი პასუხისმგებლობა მასწავლებელს ეკისრება. მასწავლებელი მოსწავლეს, მის მეტყველებას მხოლოდ გაკვეთილზე აკონტროლებს, ხოლო მშობელი - მთელი ცხოვრება. თითოეული ჩვენგანის ვალია, ქართული სიტყვები შევაყვაროთ შვილებსა და მოსწავლეებს, რათა ახალგაზრდებს მშობლიური ენა „ფანტასტიკად" აღარ ეჩვენებოდეთ. თუ ქართული სიტყვა დავკარგეთ, ჩვენი გრამატიკული ნორმების სხვა ენისთვის მორგება ძალიან გაგვიჭირდება.


Thursday, September 26, 2013

ქეთევანობა


ქეთევანობა




ქეთევან წამებულის სახელობის დღე. 13 (26 )სექტემბერი



წმიდა ქეთევანი აშოთან მუხრან ბატონის ასული დაიბადა დაახ. 1570 წელს. კეთილგონიერი და მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა - გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა ბავშვობიდანვე და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.
ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხიოდ თვეში, 1602 წელს, კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი - თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.
შაჰ-აბასმა, როგორც კი დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს დაბრუნება შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, მოეკლა ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.
გამხეცებულმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი, „მამობილს“ გაუგზავნა, მათი გვამები კი აქლემს აჰკიდა და ალავერდს გააგზავნა დასამარხად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები.
სისხლში გასვრილმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა და თან გამაჰმადიანება შესთავაზა.
ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო, ყოველივე აუწყა და უთხრა, თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დაიცავთ, ქართლს დავბრუნდებიო, მუხრანში. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ სჯულისა და ტრადიციების შემგინებელ კონსტანტინეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერილი პატივით დაკრძალა, შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი, დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.
შაჰ-აბასი შეშინდა: კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო, ამიტომ 1606 წელს მეფედ დაამტკიცა თეიმურაზი და დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში.
გაიხარა წმიდა დედოფალმა შვილის ხილვით, მეფე იკურთხა და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში, თან დედაც - წმიდა ქეთევანიც გააყოლა. შაჰმა ჯერ უფროსი შვილი, ლევანი ითხოვა, შემდეგ კი თეიმურაზსაც შეუთვალა: რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარ, შენც მოდი და მნახეო“.
ყველასათვის ნათელი გახდა შაჰის სურვილი: მას სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად შეემუსრა. თეიმურაზი და ლუარსაბი შეითქვნენ და გაერთიანებული ძალებით სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.
კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა მძევლები - წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები - შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია-მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს.
შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი. შემდგომში შაჰის მიერ ნაწამები ალექსანდრე გარდაიცვალა, ლევანი კი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველს, გათათრებულ ქართველს, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი უნდილაძე დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს. მისი ბრძანებით წმიდა დედოფალს არ უმხელდნენ, თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს - ლევანსა და ალექსანდრეს.
ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი „საპატიო“ ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული.
ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ „უდრეკ იყო დედოფალი“, ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას.
უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის.
შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა: „ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო“.
ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი,
უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს ძუძუები, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული - წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.
წამების მხილველმა ფრანგებმა წმიდა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა და 1723 წელს დაიკარგა.

წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენება 13 (ახ. ს