გოდერძი ჩოხელი - 60. ტყუილების ქვეყნის მართალი შვილი
მწერლის მშრალი ბიოგრაფია, თარიღებსა და ციფრებში მოქცეული მონაცემები ასე გამოიყურება:
გოდერძი ჩოხელი დაიბადა 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთისრაიონის სოფელ ჩოხში. სოფლის რვაწლიანი სკოლისდამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალოსკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობისსახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში კინომცოდნეობისფაკულტეტზე, 1974 წლიდან - კინოსარეჟისოროფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელსმიიღეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში” დამდგმელრეჟისორად. 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრია, ხოლო1980 წლიდან - კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1997წლიდან იბეჭდება მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში.1980წელს გამოიცა პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს”. წიგნს წლისსაუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდანწიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისადა მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი”, ,„თევზის წერილები”, „შემინახე,დედაო მიწავ!”, ,„სულეთის კიდობანი”, „არჩევნებისასაფლაოზე”. ლექსების კრებული „ბედი მდევარი”, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე „შავი არაგვი”, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც.რომანები: „მგელი”, და „მღდვლის ცოდვა”.
გადაღებული აქვს ფილმები:
გადაღებული აქვს ფილმები:
- ადგილის დედა (1976)
- ბაკურხეველი ხევსური (1980)
- ადამიანთა სევდა (1984)
- წერილი ნაძვებს (1986)
- აღდგომის ბატკანი (1988)
- უცხო (1988)
- თეთრი დროშა (1989)
- ცოდვის შვილები (1989)
- სამოთხის გვრიტები (1997)
- ლუკას სახარება (1998)
- მიჯაჭვული რაინდები (1999)
- სიყვარულის ცეცხლი (2003)
მიღებული აქვს პრიზები:
- გრან–პრი ფილმისათვის "აღდგომა", ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალი – 1982 წ.
- "ვერცხლის ნიმფა" და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისათვის "ცოდვის შვილები" მონტე–კარლოს კინოფესტივალზე – 1991 წ.
- იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი – 1991 წ.
- პრიზები საუკეთესო სცენარისათვის და საუკეთესო რეჟისურისათვის თბილისის "ოქროს არწივის" ფესტივალზე – 1992 წ.
- გრან პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" ფილმისათვის "სამოთხის გვრიტები" – 1997 წ.
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა 2007 წლის 16 ნოემბერს, დასაფლავებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში.
60 წელი გავიდა მწერლის დაბადებიდან, შვიდი წელი - გარდაცვალებიდან. ყველაზე მთავარი მერე დაიწყო, რა ბედი ელის ხელოვანს? მხოლოდ დროს შეუძლია დაამოწმოს, სჭირდები თუ არა ქვეყანას. განვლილმა 7 წელმა გვაჩვენა, რომ არათუ დაიკარგა ინტერესი გოდერძი ჩოხელის მიმართ, არათუ გაქრა მისი სახელი ლიტერატურის ისტორიიდან, არამედ, პირიქით - გამძაფრდა მონატრება და მწერალთან შეხვედრის სურვილი ქართველ მკითხველში, მისი ფილმების მიმართ სიყვარული - მაყურებელში. უკვდავების საბუთად უკეთეს არგუმენტს ვერ მოიხმობს კაცი! მაინც რა მოვლენასთან გვქონდა საქმე, ვინ იყო რეალურად გოდერძი ჩოხელი?! - ამაზე პასუხს მომავალი გაგვცემს. დღეს კი ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც მას პირადად ვიცნობდით, ვიხსენებთ ყველაფერს, რაც კი მეხსიერებას შემოუნახავს. უფრო ვრცლად მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ სხვა დროს ვიტყვით, ახლა კი ჩვენი ერთი საუბრის ჩანაწერს შემოგთავაზებთ, რომელიც 1997 წელს გამიართა. მაშინ გოდერძიმ ტყუილების ქვეყანა დაარქვა იმ ეპოქას, იმ დროს, რომელშიც ცხოვრობდა. 17 წლის წინ ნათქვამი მისი სიტყვები დღესაც თანადროულია, არ კარგავს სიმწვავეს და ეს იმის მანიშნებელიცაა, რომ გ. ჩოხელის ოცნების საქართველომდე საკმაოდ შორია...
„დღეს ქართველი ერის ყველაზე დიდი გასაჭირი ის არის, რომ მან დაკარგა სულიერი სიმართლე და, ამასთან ერთად, ძალიან დიდი ტერიტორია. სხვა ქვეყნებისათვის „ძალიან დიდი ტერიტორია“ შეიძლება მიწის მცირე ნაგლეჯი იყოს, მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს არ არის მხოლოდ დაკარგული მიწა, ეს არის დაკარგული ისტორია, დაკარგული წინაპრები, დაკარგული რწმენა და, ამასთან ერთად, დაკარგული ეროვნული სიამაყე. დღევანდელი სქართველო ჰგავს უსულო ფიტულს, რომელიც თავისი უსუსურობით ისევ თავის თავს აფრთხობს. ჩვენმა მტრებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ქართველი ერი სულიერად დაშლილიყო, დაშინებულიყო, ფიზიკურად გამოფიტულიყო, გაჩენილიყო არასრულფასოვნების კომპლექსი: „ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ხომ არაფერი შეგვიძლია, ჩვენ ხომ არაფერი ჩვენი არა გვაქვს და, მოდი, მეტად ნუღარ გავაბრაზებთ ჩვენს მაწვალებელს“. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვქმნით ქვეყანას, ქვეყანას, რომელსაც ათასი ტყულით თავ-გზა აქვს აბნეული და აღარ შესწევს ძალა, დაადგეს იმ გზას, რომელი გზაც თავის სულიერ მისიას აპოვნინებს“.
ამის შემდეგ საუბარი ჩამოვაგდე მეოცე საუკუნის მიწურულის ქართულ მწერლობაზე, თანამედროვე მწერლის სახეზე. თვალებში სხივი ჩაუდგა მწერალს და თქვა:
„მეოცე საუკუნის მიწურულის ქართული მწერლობა მაგონებს იმ სანთელს, რომელიც სალოცავის სამანზეა მიკრული და, მიუხედავად ჭექა-ქუხილისა, მიუხედავად ირგვლივ ატეხილი ქარიშხლისა, მაინც ლიცლიცებს და სრულად თუ ვერა, ოდნავ მაინც ანათებს გარეშემოს და ეს ოდნავი ნათება არის ნიშანი იმისა, რომ ქართული მწერლობა ძალას იკრებს და ქარიშხლის მერე სრული ნათებით გამოანათებს!
რაც შეეხება იმას, თუ როგორია სახე თანამედროვე ქართველი მწერლისა, - ეს ისევ და ისევ გამომდინარეობს იქიდან, თუ როგორია სახე თანამედროვე საქართველოსი. დღევანდელი ქართველი მწერლის სახე არის მოღუშლი, შემცბარი, გაოგნებული, იმედგაცრუებული, დაბნეული, ნირწამხდარი, შეშინებული, ღონეწართმეული და ერთადერთი ნათელი, რომელიც მის ნათელ სახეს ადგას, არის იმედი, რომელიც ჩვენი დიდი წინაპრების, ჩვენი დიდი პაპების სამარეებიდან ანათებს, იმედი, რომელიც ჩვენი დანგრეული ეკლესიებიდან ანათებს, იმედი, რომელიც ქართული ანბანიდან ანათებს, იმედი, რომელიც დედა ღვთისმშობლის ძალით და მადლით ეფინება ქართველს და ქართველთა შორის - ქართველ მწერალს, რომლის ხმასაც დღეს ძალა აქვს დაკარგული. დღეს ქართველ ერს მართალი სიტყვა სჭირდება, დღეს ქართველ ერს ილიას სიტყვა სჭირდება, რათა გაერკვეს, რა ხდება მის გარშემო, საით მიდის ეს ქვეყანა და საით უნდა წავიდეს იგი; რა ქნას, რა გზას დაადგეს, რათა არ უღალატოს წინაპრების სარწმუნოებას და არ იწამოს იგი, რაც მას საბოლოოდ გადააგდებს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზიდან, რათა უფრო და უფრო არ გაველურდეს და ისე არ დაებნეს ტყულების ქვეყანაში არსებობით გონება, რომ ხელმეორედ არ ესროლოს ილიას ტყვია!
ქართველ მწერალს დღეს არ შესწევს ძალა ამნაირი სიტყვის პოვნისა, ამნაირი სიტყვის თქმისა. ქართველი მწერალი, ისევე როგორც ქართველი ერი, დღეს შელოცვილივით მონუსხულია და თითქოს აღარც კი შესწევს ძალა, მოიკრიფოს შინაგანი ენერგია, სულიერად გამთლიანდეს და თანამედროვე მსოფლიოში იარსებოს არა ფიტულის სახით, არამედ ღირსეული წინაპრების სახით, ქვეყნის სახით, რომლისთვისაც ნათელია ის გზა, რომელსც, როგორც ერი, მიჰყავს თავისი სულიერი მისიისაკენ. მაშინ უფრო ნათლად გამოჩნდება სახე დღევანდელი ქართველი მწერლისაც“.
მერე კი გულისტკივილი გამოვთქვი იმის გამო, რომ წიგნმა დაკარგა მკითხველი, რომ გავა დრო და, თუ ასე გაგრძელდა, უწიგნურ და, შესაბამისად, უკულტურო, უსახო მასად ვიქცევით-მეთქი.
„არა მხოლოდ წიგნმა დაკარგა მკითხველი, არამედ, ჩემი აზრით, იმ წიგნებმაც კი, რომელთა გარეშეც ქართველი ქართველად არ მეჩვენება, დაკარგეს ადგილი ჩვენი მომავალი თაობის გულში. მე ამას ვამბობ ჩემი შვილების მაგალითზე, რომლებთანაც ჩხუბი მიწევს იმაზე, რომ ვაჟა-ფშაველა წავაკითხო და რატომღაც არა მგონია, რომ ეს კერძო მაგალითია! ჩემი აზრით, დღეს ეს საზოგადო სენია. ქართულ სიტყვას, ქართულ მწერლობას მოწყვეტილი მოზარდი უგულო ქართველად გაიზრდება და მას შეიძლება, აღარც კი გაუკვირდეს როცა ეტყვიან, რომ ქართველებმა ილიას ტყვია ესროლეს!..
რაც შეეხება წიგნის როლს 21-ე საუკუნეში, ჩემი აზრით, წიგნს ყველა საუკუნეში ჰქონდა განსაკუთრებული როლი და ადგილი და 21-ე საუკუნეშიც დაიკავებს იგი ღირსეულ ადგილს, განსაკუთრებულად ღირსეულსაც კი, რადგან მგონია, რომ დროებითი მოვლენები გადაივლიან და დამიანებს სულიერი მოთხოვნილებები გაუჩნდებათ წიგნის კითხვისა“.
შეხვედრის ბოლოს ისიც ვკითხე, საშუალება რომ გქონდეთ, მთელ სამყაროს მიმართოთ, იმ ერთს რას ეტყოდით-მეთქი
„კაცნო გიყვარდეთ ერთმანეთი“ - მე მგონი ამ სამი სიტყვით ყველაფერი ნათქვამია, თანაც, როცა ამას კლდე ამბობს, უთქმელი, უენპირო. რატომღაც წარმოიდგენ, რომ ეს კლდე უყურებდა, როგორ მოკლა კაენმა აბელი, როგორ ესროლეს ილია ტყვია და აგერ, ახლახან, როგორ აჭრიდნენ აფხაზეთში ქართველებს თავებს. კლდე ყველგან იდგა და მისგან განცდილი, მისგან ნათქვამი ადამისდროინდელი ამბავი დღესაც ზარივით რეკავს, დღესაც პირველია სათქმელთა შორის. ამას ვერც მოამატებ რამეს და ვერც მოაკლებ. მაგრამ, რატომღაც, სურვილი მიჩნდება კიდევ და კიდევ ეს სამი სიტყვა ჩემებურად გავიმეორო:
ქართველებო, გიყვარდეთ ერთმანეთი! ნუ აღზევდებით ერთმანეთზე, ერთმანეთის გაჭირვებაზე ნუ გამდიდრდებით, ნუ მოპარავთ ერთმანეთს კუბოს სახურავს, - ამით ხომ , პირველ რიგში, თქვენივე თავს ართმევთ ღვთის წინაშე ადამიანად ყოფნის უფლებას; ნუ მოსტაცებთ გამოსასყიდის მიზნით ერთმანეთს შვილებს. ჩემო ლამაზო და საყვარელო ქართველებო, ერთი ხელის დაკვრით ნუ უღალატებთ მამა-პაპათა რწმენას; როგორმე აქ გაძელით , ნუ გარბიხართ უცხო ქვეყნებში, ისედაც ცოტანი ვართ და უფრო ცოტანი რომ დავრჩებით, უფრო მოგვერევიან მტრები. ხოლო, ვინც აქ ხართ და არსად გარბიხართ, ნუ იქნებით მოღალატენი, ნუ ჩადგებით უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახურებში, საკუთარ მძინარე დედას ნუ ჩაარტყამთ ზურგში მახვილს... ქართველებო, ნუ შეჭამთ საკუთარი ძმის ხორცს, ნუ გამოხრავთ ჩვენი წინაპრების ძვლებსა და ნუ მიემსგავსებით მითოლოგიურ ეშმაკს, რომელიც ცდილობს, საშოშივე ჩაუკლას მომავალ ქართველს არსებობის უფლება.
ქართველებო, გიყვარდეთ ერთმანეთი! ამას მე, ერთი თქვენგანი, ერთი თქვენნაირი ქართველი გეუბნებით, კი არ გეუბნებით, გთხოვთ!
კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა, მე კი ათასჯერ ვიტყვი და გთხოვთ ამას!!!“
გაზეთი "პრემიერი", საბა მეტრეველი
No comments:
Post a Comment