Saturday, November 8, 2014

ქართული პოეზიის სწავლებისათვის
ავტორი: მაია ჯალიაშვილი
ქართული პოეზიის სწავლებისას მნიშვნელოვანია იმ ალუზიების, რემინისცენციების და სხვა ტიპის მინიშნებების ზედმიწევნით ახსნა-განმარტება, რომლებიც მხატვრული კონტექსტის სააზროვნო ველს ქმნიან. ყოველი მხატვრული სახე ერთგვარი კოდია, რომლის გაშიფვრა, უპირველესად, ინტელექტუალურ ძალისხმევას საჭიროებს. ამგვარ დაშიფრულ პოეზიას ქმნიდნენ ცისფერყანწელები, რომელთა შემოქმედების შესწავლა კარგად წარმოაჩენს, როგორ ახორციელებს მხატვრული ტექსტი ინტერკულტურულ ურთიერთობას, როგორ ამთლიანებს სამყაროს სიტყვის ძალით და როგორ აშლევინებს ფრთას წარმოსახვას.
ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, სასკოლო სახელმძღვანელოებში უფრო მეტი ინტენსივობით იყოს წარმოდგენილი მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართულ პოეზიაში მიმდინარე მოდერნისტული ძიებების ამსახველი მხატვრული ტექსტები. ისინი ხელს შეუწყობენ მოსწავლეს, წარმოსახვით გაარღვიოს დროისა და სივრცის ჩაკეტილი საზღვრები, იმოგზაუროს მრავალფეროვან მხატვრულ სამყაროში და მისთვის უცნობი სახელების მიღმა ახალი დროსივრცული მოდელები აღმოაჩინოს (ჟანრობრივი, თემატური, იდეოლოგიური და სხვა ფორმალური ჩარჩოების მიღმა); ამ გზით გაიფართოოს აზროვნების თვალსაწიერი, შეიმეცნოს ინტერტექსტუალური კავშირების მხატვრული ფუნქცია და ახალ პოეტურ გამოცდილებას ეზიაროს. მასწავლებელმა კი მოსწავლეებს უნდა გააცნოს ის სახელები, რომლებსაც ლექსებში შემოაქვთ სიუცხოვის განცდა და ახალ პოეტურ ღირებულებას ქმნიან. საზოგადოდ, ცისფერყანწელთა პოეზიაში, შესაბამისად მათი ესთეტიკური მრწამსისა (აზრის, მუსიკის, ფერის, სურნელის ერთიანობაში წარმოდგენა), ერთმანეთს გადაეწნა და დაშიფრულ მხატვრულ სახედ წარმოჩნდა მხატვრობა და მუსიკა. ერთ-ერთი ამგვარი პოეტური კოდია ვრუბელი.
"გიჟურ თვალებით შემომხედავს ჩემი ვრუბელი,
სინამდვილეში დაბრუნება დამეზარება" ("INTERIEUR - პირველი").
წერდა ვალერიან გაფრინდაშვილი _ ცისფერყანწელი ესთეტი, ახალი პოეტური ღირებულებების შემოქმედი. ამ საქმეში მისი თანამზრახველები კი ქართველი სიმბოლისტები გახლდნენ, ძველ კერპებს, გადამღერებულ და გაცვეთილ მხატვრულ სახეებს რომ თამამად შეუტიეს და შაბლონს "სილა გააწნეს" (ტიციან ტაბიძე). ისინი "უწმინდესი ხელოვნების" მტრებს ამაყად დაუპირისპირდნენ და გამოაცხადეს: "საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილობით და ოცნებადაკრგულ ხალხს ვასწავლით განწმენდილ გზას მომავლის ცისფერი ტაძრისაკენ" (პაოლო იაშვილი).
ბოდლერზე, მალარმეზე, რემბოსა თუ ვერლენზე შეყვარებულ პოეტებს "ეზარებოდათ" უსახურ სინამდვილეში დაბრუნება, რადგან პოეტური სამყარო ბევრად აღემატებოდა რეალურს. ფრანგული პოეზიის თარგმანებთან ერთად, ქართულ პოეზიაში შემოიჭრა აქამდე უცნობი სხვა სახელები, მათ შორის, უპირველესად, ვრუბელისა, რომელიც სიგიჟესთან, დემონურობასთან იყო დაკავშირებული. თუმცა სიგიჟეც, შეშლილობაც სიმბოლისტებს ესმოდათ, როგორც გენიოსობის ერთგვარი დასტური. სხვათაგან გამორჩეულობა, მიღმური სამყაროს ხილვა, საიდუმლოს შეცნობა მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა, გონების იმგვარი "არევით", რაც საგანთა და მოვლენათა იდუმალ, უხილავ კავშირებს შეაგრძნობინებდათ. ხომ წერდა კიდეც ვალერიან გაფრინდაშვილი:
"სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა,
გარდა სიგიჟის" ("ბოჰემის მონოლოგი").
ვინ იყო ასე უცნაურ და თანაც მიმზიდველ პოეტურ ნიღაბს ამოფარებული ვრუბელი? ან რატომ დაუკავშირდა მისი სახელი დემონურს?
საზოგადოდ, დემონურობის თემა განსაკუთრებით რომანტიკოსებთან გაღრმავდა. "განვედი ჩემგან, ჰოი, მაცდურო, სულო ბოროტო", _ წერდა ეჭვებით გატანჯული ბარათაშვილი და წყევლიდა იმ დროს, როცა ფუჭ ოცნებებს მიენდო და უცხო "აღთქმებს" აყოლილი, თავის ბედს გამოედევნა. ამბოხის, დაუმორჩილებლობის თემა სინამდვილისგან თავის დაღწევას, რეალობიდან გაქცევას უკავშირდებოდა. ბოროტი ძალა, ხორციელებასთან, მატერიალურ სამყაროსთან გაიგივებული, ებრძოდა სულს და ადამიანს ღვთის დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებდა. ამგვარ სულიერ ჭიდილს კი ხელოვანი ხშირად შეშლილობამდე ან სიკვდილამდე მიჰყავდა.
პოეზია, საზოგადოდ, დემონურობის ერთგვარი ნიშნით არის აღბეჭდილი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დემონი მხოლოდ დაცემულ ანგელოზს არ გულისხმობს. "მე ვგრძნობ ჩემში რაღაც ღვთაებრივს თუ დემონიურს", "მეჩურჩულება რაღაც იდუმალი ხმა", _ ამბობს სოკრატე პლატონის "სოკრატეს აპოლოგიაში". "ევთიფრიონში" კი ევთიფრიონი ეუბნება სოკრატეს: "შენ ხომ ამტკიცებ, რომ ერთთავად თან გდევს შენი დემონი". ბაჩანა ბრეგვაძის კომენტარი ასეთია: "დემონი ("დაიმონ") _ იგულისხმება სოკრატეს სულში დამკვიდრებული ზებუნებრივი ღვთაებრივი ძალა თუ სინდისის იდუმალი, მბრძანებლური ხმა, რომელიც, სოკრატესვე მოწმობით, დროდადრო ერთგვარი შთაგონებით ავსებდა და ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ქცევის წესსა და მოქმედების გეზს უჩვენებდა მას".
დემონი, როგორც პოეტური კოდი, ხშირად გვხვდება გალაკტიონის პოეზიაში (ამ კოდს შემდეგ წერილში წარმოვაჩენთ).
"ავანთებ სანთელს ვრუბელის წინ მოთენთილ ხელით,
გადავშლი ბოდლერს, გადვიკითხავ მის "მარტოობას" (ვალერიან გაფრინდაშვილი, "INTERIEUR - პირველი").
რატომ უნთებდა პოეტი სანთელს ვრუბელს? ან რატომ იყო, რომ, როდესაც ტიციან ტაბიძე თამუნია წერეთლის სილამაზეს შესტრფოდა, ვრუბელს მოიხმობდა:
"არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი" ("ანანურთან").
ვრუბელმა მართლაც დახატა თამარი, ოღონდ ლერმონტოვის პოემის, "დემონის" მშვენიერი გმირი; უნატიფესი ხაზებითა და ექსპრესიით გადმოსცა მისი არამიწიერი სილამაზისა და დემონთან საბედისწერო გამიჯნურების ამბავი.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1891 წელს რუსეთში ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ, მაგრამ ნიჭიერ, ორიგინალური ხედვის მქონე მხატვარს, მიხეილ ვრუბელს, ლერმონტოვის "დემონის" ილუსტრირება შესთავაზეს. თითქოს ერთგვარი ბედისწერა იყო. ვრუბელი ერთხანს გატაცებული იყო დემონის თემით და შექმნილი ჰქონდა კიდეც ტილო "ჩამომჯდარი დემონი", მაგრამ ამ ილუსტრაციებმა მის ნიჭს სულ სხვა გასაქანი მისცა.
ამის შემდეგ ვრუბელი საბედისწეროდ შეიპყრო "დემონმა". საგულისხმოა, რომ ლერმონტოვმა ეს პოემა საქართველოში ყოფნისას საფუძვლიანად გადაამუშავა და კავკასიით შთაგონებულმა არაერთი ნაწარმოები შექმნა (მათ შორის, ლექსები და პოემები: "თამარი", "მწირი" და სხვ.).
"თვითონ "დემონი", ლერმონტოვის, მისი ახალგაზრდობის ორეული, იბრძვის იმიტომ, რომ დაანგრიოს ზეცა და ადამიანს დაუმორჩილოს მთელი ქვეყნიერება ვარსკვლავებითა და განუსაზღვრელი სივრცეებით" (ვალერიან გაფრინდაშვილი).
ილია ჭავჭავაძე ლერმონტოვს (და თვით პუშკინსაც)Pბაირონის _ "სატანის სკოლის თავადის" _ მიმბაძველად მიიჩნევდა და დიდად აფასებდა, თარგმნიდა კიდეც. "დემონის" რამდენიმე თარგმანი არსებობს, მათ შორის, ვაჟა-ფშაველასი (სახელწოდებით "ქაჯი"). მსოფლიო ლიტერატურის სერიით გამოცემულ ლერმონტოვის რჩეულში კი რევაზ თვარაძის შესანიშნავი თარგმანია დაბეჭდილი. ქვემოთ სწორედ ამ თარგმანიდან მოვიხმობთ ციტატებს. აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორმა სულხან ცინცაძემ დაწერა მუსიკა ბალეტისთვის "დემონი".
მაინც როგორია ლერმონტოვის დემონი?
ის, ტრადიციულად, დევნილი, ბოროტი სულია, მაგრამ პოეტი მას გვიხატავს, როგორც სასოწარკვეთილს, დაღლილს, რომელსაც ძველი, ბრწყინვალე ჟამის მოგონებანი (როცა კეთილი ქერუბიმი იყო და ჰქონდა ძლიერი რწმენა, სიყვარულის ციური ნიჭი) აშფოთებს. ვნებული სული დიდხანს დაეხეტებოდა სამყაროს ვრცელ სიცარიელეში და გულგრილად თესავდა სიავეს, მაგრამ "ბოროტებაც მობეზრდა ბოლოს". ერთ მშვენიერ დღეს კი, როდესაც კავკასიონის მწვერვალების ალმასთა ელვარებას, ოქროსფერ ღრუბლებს, დარიალის შავ ნაპრალებს შეავლო თვალი, კვლავ ზიზღით განიმსჭვალა ქვეყნიერების მიმართ, თუმცა საქართველოს ველების საკვირველმა ფერებმა მაინც მოსტაცეს თვალი და მოულოდნელად დატყვევდა. მან თავად გუდალის სასახლის ეზოში თვალი მოჰკრა თამარს, საპატარძლოს და მისი სილამაზით, უმანკოებით, სიწმინდით მოჯადოვდა. თამარის ცეკვის მზერისას კი საოცრად გარდაიქმნა მისი სული, თითქოს კვლავ შესწვდა სიკეთეს, ტრფობას: "იგი უმზერდა... უცხო სიამით/ და უცხო ღელვით სჭვრეტდა დემონი./ ნეტარმა ხმებმა აღუვსეს წამით/ სულის არენი უედემონი". ბედნიერ სასიძოს ყაჩაღები დაესხნენ თავს და უთანასწორო ბრძოლაში მოკლეს. მგლოვიარე პატარძალი მონაზვნად აღიკვეცა და მუდამ ყურში ჩაესმოდა უხილავი დემონის მანუგეშებელი სატრფიალო სიტყვები. დემონი ევედრებოდა: "მიჯნურის ლოცვა,/ შენთვის წარმოვთქვი/ პირველად ვიგრძნობ ტანჯვას მიწიერს, /პირველი ცრემლი თვალთაგან მომწყდა". დემონი მზად არის, ზავი დადოს მიწასთან, ოღონდ თამარის საპასუხო სიყვარულს ეღირსოს, სანაცვლოდ ჰპირდება ფირუზისა და ქარვის სასახლეებს, ვარსკვლავების გვირგვინსა და დიდებას: "და ბაგე მწველი/ ფრთხილად შეეხო მთრთოლვარე ასულს". დემონის ამბორი იყო სიკვდილის ბეჭედი. თამარის სული ქერუბიმმა არ დაანება დემონს, რომელიც საშინელმა სასოწარკვეთილებამ შეიპყრო: "მაშინ დასწყევლა დემონმა მყისვე/ თავის ოცნება, ზრახვა ფარული,/ და განმარტოვდა ამქვეყნად ისევ,/ არავინ დარჩა ნუგეშად მისად,/ აღარც იმედი და სიყვარული!"
ვრუბელმა ლერმონტოვის დემონის სადარი ფერწერული სახეები შექმნა. ამიტომაც იყო, რომ მისმა დემონმა უდიდესი გავლენა მოახდინა სხვადასხვა ხელოვანის შემოქმედებაზე. ის ქართველ პოეტთა შთაგონების წყაროდაც იქცა.
ირაკლი კენჭოშვილი წიგნში "გალაკტიონ ტაბიძის სამყაროში" შენიშნავს: "შალიაპინი ამბობდა: ჩემი დემონი ვრუბელიდან მოდისო. იგივე შეეძლო გაემეორებინა თავის დემონებზე გალაკტიონს:
"დემონისას ჰგავს წარბებს
მძლავრი ნიაღვრის ფრთები";
"წარბები _ შვილდი და თმები _ ძეწნა";
"პატრონი იგი დემონთა წარბის".
წარბების გამკვეთრება ვრუბელის დემონთან ამჟღავნებს სიახლოვეს. მეფისტოფელის პორტრეტი, ცალი თვალით ბრმა, ხოლო მეორე თვალში _ "განგება, მეტი სიმკაცრე და სიძლიერე", პარალელს პოულობს ვრუბელის დემონთან, რომლის "თვალები ასიმეტრიული და სხვადასხვანაირია. ერთში თითქოს წყენაა, მეორეში _ მრისხანება და შურისძიების წყურვილი". სატანის მჯდომარედ გამოსახვა, მაგრამ არა დაკნინებულად, არამედ მედიდურად ("ვით გიოტე, ზის იქ სატანა" _ "მაგიდა ალამბიკებით"), გააზრებითა თუ იკონოგრაფიით საერთოს პოულობს ვრუბელის დემონთან ("ჩამომჯდარი დემონი" და სხვ.) და შესაძლოა გოეთეს სკულპტურულ გამოსახულებებთან". ვრუბელის დემონის ციკლის ნახატებით შთაგონებული არაერთი მაგალითის მოხმობა შეიძლება როგორც გალაკტიონის, ასევე ტიციან ტაბიძის პოეზიიდან:
"გასწი, დემონო! გაშალე ფრთები,
სადაც შენ წახვალ, მეც იქ მოგყვები".
ან კიდევ:
"დღეთა დარაჯად დადგა დემონი...
ტანჯვა-წუხილში მიჰქრიან დრონი" (ტიციან ტაბიძე).
ცოტა რამ მიხეილ ვრუბელის ბიოგრაფიიდან: იგი 1856 წელს დაიბადა ომსკში, რუსი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში; ხელოვნების სიყვარული ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა, ყველაფერს ერჩია განმარტოება და ფანქრით თავისი ფანტაზიების ხატვა. მერეც, როცა სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა, გასაოცარი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, 10-12 საათის განმავლობაში თავაუღებლივ ხატავდა. განსაკუთრებით ნატურიდან ხატვა უყვარდა. თანამედროვე მხატვრები არ მოსწონდა, ზედაპირულებად მიიჩნევდა. ხატვისას უდიდეს ყურადღებას დეტალებს აქცევდა. აკვარელის გაკვეთილებს გამოჩენილი მხატვარი ილია რეპინი უტარებდა. ვრუბელს მისი გავლენაც ჰქონდა, მაგრამ მალე დაძლია.
ჯერ კიდევ სტუდენტს საპასუხისმგებლო საქმე ანდეს _ წმინდა კირილეს მონასტერში ბიზანტიური ხატები აღადგინა და თვითონაც შეასრულა რამდენიმე ორიგინალური ფრესკა. ბიზანტიურმა ფერწერამ გაიტაცა და მის ტილოებზეც აისახა ეს სიყვარული. ჩია ტანადობის, სუსტი, ქერა ვრუბელი ხატვისას საოცრად გარდაიქმნებოდა ხოლმე, თვალებიდან თითქოს დემონურ ძალას ასხივებდა. ვენეციაში მოგზაურობისას შუა საუკუნეების მხატვრობით დაინტერესდა, განსაკუთრებით, ჯოვანი ბელინის შემოქმედება მოსწონდა. მეგობარს სწერდა: "იტალიაში შეიძლება ბევრი რამ ისწავლო, მაგრამ უნდა შექმნა მხოლოდ და მხოლოდ შენს სამშობლოში".
ერთხანს ანტიკური სიუჟეტებით, შემდეგ ჰამლეტური და ფაუსტური მოტივებით იყო გატაცებული. მერე რუსულმა ფოლკლორმა გაიტაცა და შესანიშნავი პანოები შექმნა. შთამბეჭდავი იყო მისი პორტრეტ-ფანტაზიები, მაგალითად, "გოგონა სპარსული ხალიჩის ფონზე", "მკითხავი", "დედოფალი-გედი" და სხვ.
საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მისმა ტილომ "ჩამომჯდარი დემონი". ნახევრად შიშველი ფრთებიანი ფიგურა, თითქოს გაქვავებული, აფერადებულ შორეულ სივრცეებს გასცქერის. იგი გვაგონებს სტრიქონებს:
"წიგნი ვედრებიანი
ალოცება სატანის" (გალაკტიონი, "გვიანი ოცნება").
ვრუბელისთვის დემონი რთული სიმბოლური სახე იყო, ამიტომაც ეჭიდებოდა ხშირად. მისი სკულპტურული თავიც გამოძერწა, რომელიც ერთ გამოფენაზე უცნობმა მნახველმა დაამსხვრია. აღადგინეს და აღარ გამოუფენიათ.
ვრუბელს სურდა, როგორც თვითონ წერდა, დემონში გადმოეცა იდუმალი ძალა, ადამიანზე აღმატებული. ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, ვრუბელის დემონი მეამბოხე ტიტანების შთამომავალია. მისი დემონის შინაარსი ორმაგია: ერთი მხრივ, მასში წარმოჩენილია ადამიანის სულის დიდებულება, ვერანაირ ზღუდეს, აკრძალვას რომ ვერ ეგუება შემეცნებისა და თავისუფლების გზაზე, მეორე მხრივ კი, ეს არის უსაზღვროდ ამაყი პიროვნება, რომელიც გაურბის მარტოობას, სიცივეს, სიცარიელეს.
"მეფინება წვიმა ნელი
და დემონის მწუხარება" (გალაკტიონი, "ვარ გენია რიმანელი").
ვრუბელის დემონი არის არა მხოლოდ მეფური, დაუმორჩილებელი, დიდებული და ამაყი, არამედ, ამასთანავე, უფრო მეტად მგლოვიარე, მარტოსული. საგულისხმოა, რომ ვრუბელი განიცდიდა ცნობილი კომპოზიტორის, ანტონ რუბინშტეინის ოპერის, "დემონის" გავლენასაც.
საზოგადოდ, ვრუბელი ყველა ჟანრში ოსტატი იყო: მას აქვს მონუმენტურ-დეკორატიული პანოები, დეკორატიული სკულპტურა, თეატრალურ-დეკორაციული ფერწერა, ვიტრაჟი, გრაფიკა... მან არქიტექტურაშიც სცადა ბედი. მას უნდოდა, რომ ყოფილიყო უნივერსალური მხატვარი, აღორძინების ოსტატთა მსგავსად.
"ჭეშმარიტება სილამაზეშია", _ ეს იყო მისი დევიზი.
ხელოვნებათმცოდნენი ვრუბელის ნახატებს მიაკუთვნებენ "ფანტასტიკურ რეალიზმს". მისი "იასამანი", "მარგალიტის ნიჟარა" და სხვა ნახატები გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე.
ვრუბელის მიერ ლერმონტოვის "დემონისთვის" შესრულებული ილუსტრაციები კი ხელოვანის შემოქმედებაში მწვერვალადაა აღიარებული. ორი ფერით, თეთრითა და შავით, სინათლისა და სიბნელის გრადაციებით მხატვარმა სასწაულები მოახდინა.
როდესაც "დაცემულ დემონზე" მუშაობდა, მხატვარს სულიერი აშლილობა დაეწყო. სწორედ ამ დროს გამოფინეს ეს ნახატი პეტერბურგში. მიუხედავად იმისა, რომ ნახატი კედელზე ეკიდა, ვრუბელი ყოველ დილას მიდიოდა და ცვლიდა, ხატავდა. ასე რომ, მნახველები მეორე დღეს დემონს წინა დღისაგან განსხვავებულ გამომეტყველებას ამჩნევდნენ.
სულიერმა ავადობამ ვრუბელზე ლეგენდები დაბადა, მისი შეშლილობა დემონის ხატვას დაუკავშირეს. ამან მის მიმართ ინტერესი უფრო გააღვივა. ბევრმა სწორედ მაშინ აღმოაჩინა მისი ნიჭი. საერთოდ, ვრუბელს ერთი ნახვით არავინ აღიარებდა, თითქოს მისი ნახატები თანდათან იპყრობდა მნახველის სულს, გულსა და გონებას. ვრუბელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც განაგრძობდა ხატვას. მისი ავადობა გაართულა 2 წლის ვაჟიშვილის დაღუპვამაც, მაგრამ მხატვარი ბოლოს მაინც გამოჯანმრთელდა და კვლავ შეუდგა მუშაობას. ხატავდა, ასწავლიდა და თან საოცარი დაუდევრობით ეპყრობოდა ნახატებს, თითქოს მხოლოდ ქმნის პროცესი აინტერესებდა და არა შემოქმედების ნაყოფი. მისმა მოწაფეებმა არაერთი ჩანახატი გადაარჩინეს დაკარგვას.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვრუბელმა წინასწარმეტყველთა შესანიშნავი სახეები შექმნა, მაგრამ მისი სახელი მაინც "დაცემულ დემონს" უკავშირდებოდა. ვრუბელი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა 54 წლისა, 1910 წელს.
ალექსანდრე ბლოკი "დაცემული დემონის" შესახებ წერდა: "ვრუბელი გვაოგნებს, რადგან მის შემოქმედებაში ვხედავთ, როგორ ყოყმანობს და ანელებს თავის გამარჯვებას ლურჯი ღამე, ალბათ, იმიტომ, რომ შეიგრძნობს თავის მომავალ გარდაუვალ დამარცხებას".
ასე რომ, ვრუბელის კოდის გაშიფვრა ლექსის პოეტურ დრო-სივრცეს საოცრად ზრდის და მკითხველს სრულიად განსხვავებულ ემოციურ-ინტელექტუალურ განცდას ანიჭებს.

საგანმანათლებლო რესურსები
 
თქვენ იმყოფებით:  კედლის გაზეთისაგანმანათლებლო რესურსები
რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის დროს
თარიღი: 13 ოქტომბერი 2014
ავტორი: მანანა ბაქრაძე
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სპეციალური სასწავლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო მიზნების იდენტიფიცირება ხდება. ეს მიზნები განსხვავებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისგან და შედგენილია მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით. ეს არის სახელმძღვანელო, რომელშიც ასახული და დასაბუთებულია კონკრეტული მოსწავლისთვის საჭირო მხარდაჭერა, რომელსაც მასთან მომუშავე ყველა მასწავლებელი თუ სხვა პროფესიონალი უნდა იზიარებდეს და მისდევდეს. ეს არ არის ხისტი დოკუმენტი და რეგულარულ ცვლილებებს მოითხოვს. აუცილებელია დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მისი გადაფასება, მოსწავლის შესაძლებლობებსა და მიღწევებთან თანხვედრაში მოყვანა და საჭირო ცვლილებების შეტანა.
მასწავლებელმა, ვიდრე ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას შეადგენდეს, ამომწურავი ინფორმაცია უნდა შეკრიბოს მოსწავლის შესახებ. გეგმაზე მომუშავე გუნდი უფლებამოსილია, მოითხოვოს და გაეცნოს სამედიცინო დასკვნებს, გაიაროს კონსულტაცია მოსწავლესა და მის მშობლებთან, საგნის მასწავლებლებთან, სხვა პროფესიონალებთან (ფსიქოლოგი, სპეციალური განათლების პედაგოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ექიმი, სოციალური მუშაკი და სხვა). აუცილებელია მოსწავლეზე დაკვირვება და სიღრმისეული შეფასება.
მნიშვნელოვანია მოპოვებული ინფორმაციის სათანადო გაანალიზება და მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება. ეს ნათელს მოჰფენს, რომელი სფერო მოითხოვს გაუმჯობესებას და მოსწავლის რომელი რესურსი (ძლიერი მხარე) შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის.
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა განსაზღვრავს იმ პირებსაც, რომლებიც უშუალოდ ჩაერთვებიან მისი განხორციელების პროცესში (ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) გუნდი). აუცილებელია, გეგმის განხორციელების ყოველ ეტაპზე ხდებოდეს მასში ჩართულ პირთა როლისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრა.
გუნდის წევრებს შორის პასუხისმგებლობის გადანაწილების შემდეგ უნდა დაისახოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო მიზნები მოსწავლისთვის.
● გრძელვადიანი მიზანი - ეს არის მიზანი, რომელსაც მოსწავლე წლის განმავლობაში აღწევს. გრძელვადიან (წლიურ) მიზანს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის წევრები შეთანხმებულად აყალიბებენ მოსწავლის ძლიერი მხარეების, საჭიროებების, არსებული მიღწევებისა და სკოლის რესურსების გათვალისწინებით. ეს მიზანი უნდა ასახავდეს რეალისტურ მოლოდინს მოსწავლის მიმართ; შესაბამისად, შესაძლოა შეიცვალოს მას შემდეგ, რაც პედაგოგები უკეთ გაიცნობენ მოსწავლეს და ობიექტური წარმოდგენა შეექმნებათ მის შესახებ.
● მოკლევადიანი მიზანი უფრო კონკრეტული და სპეციფიკური მიზანია, რომელსაც გრძელვადიანი მიზნებისკენ მივყავართ. მისი მიღწევა უფრო მოკლე ხანშია შესაძლებელი - ორ კვირაში, ერთ ან ორ თვეში. მოკლევადიანი მიზნები წარმოადგენს გრძელვადიანი მიზნებისკენ მიმავალ საფეხურებს. თავის მხრივ, მოკლევადიანი მიზნებიც შედგება საფეხურებისგან, ანუ უფრო პატარა მიზნებისგან, რომელთა მიღწევა უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს და განსაზღვრული თანმიმდევრობით ლაგდება მარტივიდან რთულისკენ. მოკლევადიანი მიზნები ძალზე კონკრეტული და გაზომვადი უნდა იყოს.

ნიმუში#1
ინდივიდუალური განვითარების გეგმისა და შეფასების ნიმუში (ა. ლაღიძე, მ. ბაგრატიონი, თ. პაჭკორია. „ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის", 2009)

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
გამარტივებული ფორმა
სკოლა__________________
კლასი _______________________________________
მოსწავლე___________________________________________________________
დაბადების
თარიღი ____________ასაკი____________________________________
მშობელი/მეურვე_______________________________________________________
მისამართი/ტელეფონი__________________________________________________
შეხვედრის თარიღი____________________________________________________
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა___________დან __________________ მდე
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გადაიხედება___________________________
შეხვედრის ტიპი (შემოხაზეთ)
საწყისი გადაფასება საჭიროებისამებრ დაგეგმილი შეფასება წლიური შეფასება
მონაწილეები:
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კომპონენტები
დამხმარე კითხვები
შეფასება
ძლიერი მხარეები
რისი გაკეთება შეუძლია მოსწავლეს?
რა აინტერესებს?
რა მოსწონს?
რაშია მოსწავლე ყველაზე წარმატებული?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად )
პრობლემური სფეროები
რა პრობლემები უჩნდება მოსწავლეს ყველაზე ხშირად?
როდის იჩენს თავს პრობლემები?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად )
მიზეზები
თქვენი აზრით, რა იწვევს პრობლემებს სასწავლო პროცესში?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად)
საჭიროებები
რა სჭირდება მოსწავლეს იმისთვის, რომ უკეთ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები?
რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლემ უკეთესად იგრძნოს თავი სკოლაში, თანაკლასელებსა და მასწავლებელთან?
(აღწერეთ დაწვრილებით და ზუსტად )
წლიური მიზანი
რისი მიღწევა გვინდა სასწავლო წლის განმავლობაში?
(მიზანი გაიწერება ცალ-ცალკე ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისთვის, სადაც მოსწავლეს პრობლემა აქვს )
მოკლევადიანი მიზნები
რისი მიღწევა გვინდა საწყის, მეორეულ და შემდგომ ეტაპებზე წლიური მიზნის მისაღწევად?
(მიზანი გაიწერება ცალ-ცალკე ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისთვის, სადაც მოსწავლეს პრობლემა აქვს )
პრაქტიკული საკითხები
რა მასალა შეგვიძლია გამოვიყენოთ დამატებით?
რა მეთოდი ავირჩოთ სწავლებისთვის?
როგორ მოვარგოთ გარემო ბავშვის საჭიროებებს?
როგორ გავზარდოთ სწავლის მოტივაცია?
პასუხისმგებელი პირები
ვინ არის პასუხისმგებელი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაზე?
რა კონკრეტული მოვალეობები ეკისრებათ გუნდის წევრებს (პედაგოგი, მშობელი, ფსიქოლოგი და სხვა)?


Sunday, November 2, 2014

გოდერძი ჩოხელი - 60. ტყუილების ქვეყნის მართალი შვილი

თბილისი 10:00 - 02.10.2014  349
3

გოდერძი ჩოხელი – რატომ ტირის ადამიანი?


- რა გატირებს?
- რაღაც გამახსენდა…
- მაინც?
- აი, ახლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა, ოდესღაც, ზუსტად აქ ჩამოიარეს…
- მერე, რა გატირებს?
-ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომღაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო…
- ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?
- რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება…
- გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?
- არ მინდა…
- რატომ?
- შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან…
- მერე შენ ამის გეშინია?
- შენ არ გეშინია?!
- რისი უნდა მეშინოდეს?!
- დასასრულის…
- დასასრული არ არსებობს..
- როგორ თუ არ არსებობს?!
-რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას… ყოველი არსი თვითონ ეძებს თავის დასასრულს. ესაა მიზანი.. მაგრამ, ხომ გითხარი, დასასრული არ არსებობს მეთქი…
- მაშ, რატომ ტირიან ადამიანები?
-ეშინიათ და იმიტომ…
- რისი ეშინიათ?
- დასაწყისის… ვისაც არ ეშინია დასაწყისის, ის არც ტირის…
- მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?
- თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია…
- იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!
- მაშ, რატომ?
- შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით…
- ეგ რამ გაფიქრებინა?
- ეკლესიებმა… ხედავ, როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვინდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს, ვტირით…
- შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?
- შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს…
- და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?
- არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი…
-იმიტომ, რომ თავისუფლება უნდა…
- მერე აღარ იტირებს?
- არა. თავისუფალ კაცს დასაწყისის არ ეშინია.
- დაწერე რა..
- რა?
- მოთხრობა დაწერე ჩემზე…
- შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?
- არა. იცი, როგორ დაწერე?
- როგორ?
- ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს…
- მერე?
- ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა..
- მერე?
- ერთ დღეს, ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?
…..
დავწერე…”

„ერთხელ სიზმარში გნახე, რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი. ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა, შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი, აგიყვანე. კანკალებდი. მე უბეში ჩაგისვი, რომ გამთბარიყავი. თან ვტიროდი, ისე ვტიროდი, გულს ვიგდებინებდი. მეგონა თუ ასე ვიტირებდი, არ მოკვდებოდი…“
/გოდერძი ჩოხელი/

Saturday, November 1, 2014

გაკვეთილის ანალიზის სახეები

მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია იმით განისაზღვრება, რამდენად შეესაბამება მისი ცოდნა, უნარ-ჩვევები და განწყობა-დამოკიდებულებები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს. ამის მიხედვით ფასდება, წარმატებულია თუ წარუმატებელი პედაგოგის საქმიანობა.
მასწავლებლის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია  სასკოლო მენეჯმენტის სწორად წარმართვა, ამიტომ თითოელ პედაგოგს სხვადასხვა  მახასიათებლებით აფასებენ, მაგალითად:
  1. მასწავლებელმა ყოველდღიურად უნდა შეიმუშაოს გაკვეთილის გეგმა , რათა უზრუნველყოს საწავლო მიზნების მიღწევა.
  2. მასწავლებელმა ეფექტურად უნდა გაანაწილოს გაკვეთილის დრო.
  3. მასწავლებელი რეგულარულად უნდა აფასებდეს მოსწავლეებს.
  4. მასწავლებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში და მზად იყოს მათ დასახმარებლად…
დღეს უამრავი შემფასებელი ჰყავს პედაგოგს, ახალი ( მოსალოდნელი) სქემის მიხედვითაც, ამბობენ, რომ მასწავლებლის შეფასება მოხდება: სკოლის ადმინისტრაციის მიერ, გარე შეფასებით და თვითშეფასებით. თვითშეფასება , ალბათ , უმთავრესია, რადგან ჩვენ უკეთ ვიცით, რა გვჭირდება, რა გვაქვს დასახვეწი, სასწავლი, ასათვისებელი, რომ უფრო კარგ შედეგებს მივაღწიოთ ჩვენს მოსწავლეებთან. მასწავლებლის შეფასებისას მთავარი მის მიერ ჩატარებული გაკვეთილია და უნდა ვიცოდეთ, თვითშეფასებისას რას მივაქციოთ მეტი ყურადღება. გთავაზობთ გაკვეთილის ანალიზის სახეებს,  იმედი მაქვს, ეს რესურსი დაგეხმარებათ პროფესიულ წინსვლაში. წარმატებებს გისურვებთ!

Tuesday, October 21, 2014

საქართველოდან მოსულ თორნიკეს მრავალი სახელგანთქმული მონაზონი ჩამოჰყვა ათონზე
საქართველოდან მოსულ თორნიკეს მრავალი სახელგანთქმული მონაზონი ჩამოჰყვა ათონზე
თორნიკე ერისთავი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე X საუკუნის II ნახევარში ცნობილი ქართველი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე იყო. იგი გახლდათ ქართლის სპასალარი. სახელოვანი და ბრძოლებში წარმატებული, ქველი და უებრო რაინდი გამორჩეულად უყვარდა მეფე დავით კურაპალატს, მაგრამ ღვთისთვის სათნომყოფელმა უმჯობესი გამოირჩია - მონაზვნობის ღვაწლი იდო თავს და ულუმბოს მთას მიმართა წმინდა იოანე იბერის. მოსაძებნად. ულუმბოზე მას აუწყეს, რომ წმინდა მამა ათონის მთაზე დამკვიდრებულიყო. თორნიკემ მთაწმინდას მიაშურა და "კურთხევა მონაზონებისა ხელთაგან იოვანესთა მიიღო". ბერად აღკვეცის შემდეგ იოანე-თორნიკე ეწოდა. იოანე-თორნიკეც, იოანესა და ექვთიმესთან მსგავსად, ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა.
წმ. ათანასეს გაგებული ჰქონდა თორნიკეს საგმირო საქმეების შესახებ და დიდ პატივსაც მიაგებდა ქართველებს. ცოტა ხანში გახმაურდა ძმების მთაწმინდაზე ყოფნის ამბავი და მათი მიბაძვით ქართველებმა იწყეს დენა ათონისაკენ. როცა ათანასეს ლავრაში მცხოვრები ქართველების რიცხვი ძალზე განმრავლდა, იოანემ და თორნიკემ ლავრიდან მოშორებით, ათანასეს კურთხევით ააშენეს ეკლესია სენაკებითურთ, იოანე მახარებლის სახელზე და იქ განაგრძეს მოღვაწეობა. ეს უნდა მომხდარიყო 969 წლამდე.

როგორც ცნობილია, X საუკუნის შუა ხანებში ბიზანტიამ თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწია არაბებთან ბრძოლაში, მაგრამ 70-იან წლებში შექმნილმა საშინაო ვითარებამ შეზღუდა იმპერიის შესაძლებლობანი: ამ დროისათვის უეცრად გარდაცვლილ ბიზანტიის იმპერატორს მცირეწლოვანი შვილები, ბასილი და კონსტანტინე დარჩა, რითაც ისარგებლა ბიზანტიის ჯარების სარდალმა ბარდა სკლიაროსმა და აუჯანყდა იმპერატორის ოჯახს, რითაც საფრთხე შეუქმნა კონსტანტინოპოლის საიმპერატორო ტახტს. მან მთლიანად დაიპყრო ბიზანტიის იმპერიის აზიური ნაწილი და ტაოს დაუმეზობლდა. იმპერატორის ჯარების სარდალმა ბარდა ფოკამ ბიზანტიის დაქვრივებულ დედოფალს, ტახტის მცირეწლოვანი მემკვიდრეების - ბასილისა და კონსტანტინეს დედას, თეოფანას, ურჩია, სამხედრო დახმარებისათვის მიემართა განთქმული დავით ტაოელისათვის, რომლის სამფლობელოებსაც საფრთხე ელოდა ბარდა სკლიაროსის გაძლიერებით. ბიზანტიის სამეფო კარმა, დავით კურაპალატისაგან დახმარების აღმოჩენისათვის, შუამდგომლობა ათონის მონასტრის ბერს - იოანე-თორნიკეს სთხოვა. დედოფალმა წარჩინებული კაცი სევასტოფორი გაგზავნა წმინდა მთაზე და ქართველ მამებს შეევედრა: ,,უღვთო სკლიაროსი განგვიდგა და ხმელეთის მხარე მთლიანად დაიპყრო. აწ თქვენს სიწმინდეს შევავედრებთ, რათა ყოველი მიზეზის გარეშე მოვიდეს იოანე-თორნიკე ჩვენს მეფესთან".

თორნიკემ შორს დაიჭირა მისი თხოვნა: მე ჩემი ცოდვების გამო ვარ მოსული ამ წმინდა ადგილზე და არ შეიძლება ჩემი წასვლა მეფეთა წინაშე, რადგანაც ვიცი, რისთვისაც მიხმობენ; ღმერთმა ღირს-მყო და ბერად შევდექი, ამიტომ ამიერიდან აღარც მეფეთა წინაშე მაქვს მოსარიდებელი და აღარც სხვა რომელიმეს წინაშე ამქვეყნად. თუ წავალ, კვლავ ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩამაგდებენ"- განაცხადა მან. ათანასე დიდმა და იოანე იბერმა ყოველი მისი ცოდვა-ბრალი თავის თავზე აიღეს და დაითანხმეს თორნიკე, რომ ხლებოდა დავით მეფეს და დახმარება ეთხოვა. ბასილი და კონსტანტინე მადლიერების ნიშნად ფეხებში ჩაუვარდნენ სამეფო კარზე მისულ წმინდა მამას, დედოფალმა კი უთხრა: "წმინდაო მამაო, რასაც ამ ობლებისათვის გაიღებ, ღმერთმა მიაგოს შენს სულს!" თორნიკემ ისარგებლა შემთხვევით და "მრავალფერთა საქმეთათვის ამხილა დედოფალი". მანაც სიმდაბლით შეიწყნარა მხილება. იოანე-თორნიკე ტაოში წავიდა და საბერძნეთის მეფეთა ვედრების წერილები მეფე დავითს გადასცა. ქართველთა მეფემ დიდად გაიხარა, ყოფილი მხედართმთავარის ხილვით, დათანხმდა დახმარებას და მის საფასურად ძველი სადავო "აღმოსავლეთის" ქვეყნები ანუ "ზემონი ქვეყანანი" მოითხოვა.

დავითმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი ქართველი მეომარი. ომი თორნიკესა და სკლიაროსს შორის მცირე აზიაში, მდინარე ჰალისის მიმდებარე ველზე გაიმართა. ბარდა სკლიაროსს სპარსთა და სომეხთა თანადგომის იმედი ჰქონდა. ბრძოლის მსვლელობაში იგი ცდილობდა, თორნიკე თავისი განლაგების სიღრმეში შეეტყუებინა და გაერთიანებული ლაშქრით დაემარცხებინა. მაგრამ გამოცდილ სარდალს თავად ჰქონდა მისთვის სტრატეგიული მახე დაგებული: თორნიკემ ისარგებლა ბერძნების უკმაყოფილებით, რომ ქართველები იყვნენ ბრძოლის მეთაურები და, ვითომცდა გაბრაზებული, აიყარა თავისი მებრძოლებიანად და ბერძნები პირისპირ "შეატოვა" მტერს. ეს რომ ბარდა სკლიაროსმა გაიგო, სამალავიდან გამოვიდა და თორნიკესაც ეს სწადდა - ყველაზე კრიტიკულ მომენტში დაეცა თავს საფარდაგდებულ მოწინააღმდეგეს და სკლიაროსი ლამის სპარსეთამდე გააქცია. მერე უკან შემობრუნდა და სამეფო კარის მითითებით ბერძენთა მოღალატე დიდებულები დაატყვევა და დასაჯა. ქართულმა ჯარმა, რომელმაც სასტიკად დაამარცხა ბარდა სკლიაროსი, ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი. ბიზანტიის საიმპერატორო კარმა მადლიერების ნიშნად საქართველოს დაუბრუნა ადრე მიტაცებული "ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი". სამხედრო ნადავლიდან მიღებული წილი იოანე-თორნიკემ ათანასეს ლავრასა და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, უდიდესი ნაწილი კი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წელს ბიზანტიის კეისარმა იოანე-თორნიკეს სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა.

გამარჯვების შემდეგ თორნიკე ისევ ათონს დაუბრუნდა. იოანეს და თორნიკემ გადაწყვიტეს, რომ უკვე დრო იყო, აეშენებინათ საკუთარი მონასტერი. იოანე-თორნიკეს დიდმა ავტორიტეტმა და დამსახურებამ ბიზანტიის იმპერატორის წინაშე ხელსაყრელი პირობები შექმნა ათონზე დამოუკიდებელი ქართული მონასტრის აშენებისათვის, რასაც მხარს დავით კურაპალატიც უჭერდა. მამებმა შეარჩიეს სასიამოვნო ადგილი ,,შუა მთაწმინდასა", შეიძინეს მიწა, და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის სახელზე ეკლესიები და სამონასტრო შენობები ააგეს, ღმრთივსულიერი წიგნებით აავსეს და პატიოსანი ხატებით განაშვენეს. შეისყიდეს დიდი მამულები, რომელიც იმპერატორმა ოქრობეჭდით დაუმტკიცათ, მონასტრის პირველ წინამძღვრად კი წმინდა იოანე იბერი აირჩიეს. მონასტრის მშენებლობა ქართველებმა დაიწყეს 980 წელს და სამი წლის თავზე, 983 წელს დაასრულეს.
საქართველოდან მოსულ თორნიკეს მრავალი სახელგანთქმული მონაზონი ჩამოჰყვა ათონზე, ასე რომ, ქართველი ბერების რიცხვი ძალზე გაიზარდა. თავდაპირველად ქართველ მამებს სურდათ, რომ მონატერში მხოლოდ ქარველები ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა _ ქართველთაგან არავის ჰქონდა ზღვაოსნობის გამოცდილება, ათონის ნახევარკუნძულზე კი ყველაფერი ზღვით შემოჰქონდათ. ამას გარდა, ივერონის მსგავსი ვრცელი ლავრის შესანახად საჭირო იყო გამოცდილი და მცოდნე კალატოზი, ხურო, მჭედელი და სხვა ხელოსანი.

სიმდაბლით, სიწრფოებით და უმანკოებით გამორჩეულ მოღვაწეს, იოანე თორნიკყოფილს ერთი სისუსტე ჰქონია. ვინაიდან მრავალ ომში გამარჯვებული სპასალარი (მხედართმთავარი) იყო, გარდასულ სასახელო ამბავთა მოგონება უყვარდა. ძმებიც ხშირად აამბობინებდნენ მას "საქმეთა საგმიროთა". მამა იოანეს შეეშინდა, რომ მას რაიმე სულიერი განსაცდელი არ შემთხვეოდა და ურჩია, "აწ დააცადე სოფლიოთა მაგათ საქმეთა უბნობა და ამიერიდან სხვასა ნუ ვის ეუბნები, გარნა გაბრიელს, ხოლო ხუცესსა", რომლის პირიდან სხვა სიტყვა არ ამოდიოდა, თვინიერ საღმრთოთა და სულიერთა. წმ. იოანე თორნიკ-ყოფილი ცრემლის ღვრით დაემხო მის წინ და შეღადადა: "რად დაიდუმე აქამომდე და არა მამხილე, წმინდაო და ღმერთშემოსილო მამაო?" მამა იოანემ წამოაყენა მხცოვანი ძმა და უთხრა: "უფალმან შეგინდვენ, გარნა აწ ხოლო ეკრძალენ!" არავის გაუგონია ამის შემდეგ იოანე-თორნიკეს საუბარი, "განთქმულმან და საჩინომან კაცმან ყოველივე ნება თვსი მოიკუეთა", მდუმარებითა და უფლის სასოებით გალია ცხოვრების დარჩენილი დღეები და სამონასტრო ცხოვრების ჩამოყალიბებიდან მალე მშვიდობიანად მიაბარა სული უფალს (985 წ.). წმ. იოანე-თორნიკეს ხსენების დღე ძველი სტილით 12 ხოლო ახალი სტილით 25 ივნისსაა.