Saturday, August 30, 2014

ყველაზე აქტუალური ფრაზა:
მართებულია "ჩემი მხრივ ვიწვევ" და არა - "ჩემის მხრივ". 
მომწონს "მხრივ" ზმნიზედის მნიშვნელობით ნახმარი სიტყვაა, ფორმაუცვლელი. შეესაბამისად, მის წინ კუთვნილებითი ნაცალსახელიც არ იბრუნება...
ვასწავლოთ აკადემიური წერა
თარიღი: 29 ნოემბერი 2013
ავტორი: თეო ნეფარიძე
აკადემიური წერა ტრანსფერული უნარია, რომელიც განათლების ყველა საფეხურზე მნიშვნელოვანია აკადემიური მიღწევების უზრუნველსაყოფად, ხოლო შემდგომში _ პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის. აკადემიური წერის საჭიროებას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვხვდებით ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ტურისტულ კომპანიებთან თუ სასტუმროებთან ურთიერთობისას. სკოლებსა და უნივერსიტეტებში აკადემიური წერის მეშვეობით ცოდნის დემონსტრირება, დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზის, კვლევისა და სწავლის უნარების განვითარება ხდება.
აკადემიური წერის სწავლებაში სხვადასხვა მიდგომაა გავრცელებული. ამ წერილში წარმოდგენილი მიდგომები სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორის, ლინგვისტ მეი შიის ნამუშევარს ეფუძნება. მეი შიი ჟურნალ TESOL Quarterly-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აკადემიური წერის სწავლების ოთხ მიდგომას განიხილავს:
· ფორმატზე ორიენტირებული სწავლება – სწავლების ამ მიდგომის ფარგლებში მთავარი ყურადღება ნაწერის სტრუქტურას ეთმობა. მოსწავლე ეცნობა ცალკეულ სტრუქტურულ ფორმატს და ნაწერის აგების ჩარჩოს, რომელსაც შემდეგ ნამუშევარს მოარგებს. ფორმატზე ორიენტირებული სწავლებისას მოსწავლე სხვადასხვა მოდელს ეცნობა: შეპირისპირებით ანალიზს, მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს, დადებითი და უარყოფითი მხარეების აღწერას, ინდუქციურ და დედუქციურ ანალიზს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კულტურაში აღნიშნული მოდელები შეიძლება განსხვავდებოდეს. მოდელების ფორმატში განსხვავებები გვხვდება სასწავლო დისციპლინის მიხედვითაც. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში ესეის წერის დედუქციური მოდელია გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთში _ ინდუქციური.
· ფუნქციაზე ორიენტირებული სწავლება _ სწავლების ამ მიდგომის ფარგლებში, პირველ რიგში, განისაზღვრება წერის მიზანი, შინაარსი და სამიზნე აუდიტორია, რაც შემდგომ განსაზღვრავს ნაწერის სტრუქტურას. ფორმატზე ორიენტირებული სწავლებისგან განსხვავებით, ფუნქციაზე ორიენტირებული სწავლებისას წერითი დავალების მიცემის დროს მოსწავლეებს ვაცნობთ კონკრეტულ მიზანს და კონტექსტს, ხოლო შემდეგ მოსწავლე თავად განსაზღვრავს, რა ფორმატში დაამუშავებს ნაწერს. თუ გვსურს, რომ მოსწავლემ წარმოადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები რომელიმე ნაწარმოებში, მას ვაძლევთ კონტექსტს და ვავალებთ ანალიზსა და განზოგადებას. მაგალითად, დავალება შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: "ოთარაანთ ქვრივში” სოციალურ სტატუსში სხვაობა გიორგის უბედურების ერთ-ერთი მიზეზი იყო. კიდევ რა პრობლემებია წარმოდგენილი აღნიშნულ ნაწარმოებში?” ასეთი მიდგომა, განსხვავებით ფორმატზე დაფუძნებული წერის სწავლებისაგან, მოსწავლეების მოტივირებას ახდენს კონკეტული კონტექსტის საფუძველზე მსჯელობის წახალისებით. ზოგჯერ შესაძლოა დავალებაში მოცემული კონტექსტი მოსწავლისთვის უცხო იყოს. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეს უნდა მიაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მონაცემები და ფაქტები ანალიზისა და დასკვნის გაკეთების ხელშესაწყობად.
· პროცესზე ორიენტირებული სწავლება – ამ მიდგომის ფარგლებში მთავარი აქცენტი წერის პროცესსა და წერის ეტაპებზე კეთდება. იგულისხმება წერის მოსამზადებელი ეტაპი (ინფორმაციის შეგროვება, მოძიება, ჩანაწერების გაკეთება, მასალის ორგანიზება), ნაწერის სამუშაო ვერსიის შექმნა (იდეების დაწყობა თანმიმდევრულად), ხელმეორედ გადაწერა (ცვლილებების შეტანა, რედაქტირება, კორექტირება). იმისათვის, რომ ძირითადი ყურადღება წერის პროცესს დაეთმოს, ამ მიდგომის ფარგლებში წერითი დავალებები პირად გამოცდილებაზე და მოსწავლეებისთვის კარგად ნაცნობ თემებზეა აგებული. წერის პროცესში გარკვეული პრაქტიკის მიღების შემდეგ დავალებებში ახალი და უცნობი საკითხები შემოდის.
· სასწავლო დისციპლინაზე ორიენტირებული სწავლება – მთავარი აქცენტი კეთდება წყაროების სწორად და ეფექტურად გამოყენებაზე (წყაროდ გამოიყენება საკითხავი მასალა, ლექციები, დისკუსიები და ა.შ.), ინფორმაციის სინთეზსა და ინტერპრეტაციაზე. წერა დაკავშირებულია დისციპლინის შესწავლასთან და მიზნად ისახავს მოსწავლეების აზროვნების წახალისებას, დისციპლინის ათვისების ხელშეწყობას. სასწავლო დისციპლინაზე ორიენტირებული მიდგომის ფარგლებში ხშირად ვხვდებით ისეთ დავალებებს, როგორიცაა ტექსტის შინაარსის გადმოცემა, ანალიზი, კრიტიკა, სინთეზი.
საშუალო განათლების საფეხურზე შემდეგი სახის წერითი დავალებებია ყველაზე გავრცელებული: წერილები, ტექსტის შინაარსის გადმოცემა, ტექსტის ანალიზი, მოხსენება, ანგარიში (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ექსპერიმენტის ანგარიში), ესეი, ლიტერატურული ანალიზი, თავისუფალი წერა. მიუხედავად იმისა, თუ ზემოთ აღწერილი სწავლების მიდგომებიდან რომელ მოდელს ვიყენებთ, გარკვეული წერითი უნარები დავალებების ბევრ ტიპზე ვრცელდება. ამ წერილში წერითი დავალების ორ მაგალითს განვიხილავთ – ესეის და ანგარიშს.
ესეიზე მუშაობისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დავალების სწორად გაშიფვრა. აკადემიური წერის ფუნქციური სწავლების მოდელის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავალების სწორად გაშიფვრა, რადგან სწორედ მოცემული კონტექსტი განსაზღვრავს დავალების არსს. გაშიფვრის შემდეგ ხორციელდება პირველადი კვლევა, რომელშიც ერთიანდება გაკვეთილებზე გაკეთებული ჩანაწერების ანალიზი და მათი გამოყენებით ინფორმაციის გახსენება, საკითხავი მასალის და წყაროების კრიტიკული კითხვა და პირველადი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება. მაგალითად, პირველადი კვლევისა და ჩანაწერების ანალიზის შემდეგ მოსწავლემ შესაძლოა ჩამოაყალიბოს ასეთი ჰიპოთეზები: "თუ სინათლის ტალღის სიგრძე გავლენას ახდენს ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე, მაშინ სხვადასხვა ფერის სინათლე მცენარის მიერ სხვადასხვა მოცულობის ჟანგბადის წარმოქმნას განაპირობებს”, ან "თუ ტემპერატურა გავლენას ახდენს ცხოველის მეტაბოლიზმზე, ატმოსფერული ტემპერატურის გაზრდა ცხოველში უფრო ინტენსიურ მეტაბოლიზმს გამოიწვევს”.
ჰიპოთეზის ჩამოყალიბების შემდეგ მოსწავლეს მოეთხოვება დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება, სინთეზი, ინტერპრეტაცია და დავალების მიზნების შესაბამისად გამოყენება. მოსწავლემ ასევე უნდა შეძლოს ახალი ცნებების შედარება და პირად გამოცდილებასთან მათი დაკავშირება. ასევე მნიშვნელოვანია მსჯელობის, ანალიზის შედეგების განზოგადების და დასკვნის გამოტანის უნარი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად.
ენობრივი თვალსაზრისით, წერილში წარმოდგენილ ორივე ტიპის დავალებაზე ერთი და იგივე სტანდარტები ვრცელდება. ამდენად რედაქტირების ფუნქციას წერილის ბოლოს განვიხილავთ.
ანგარიშის ტიპის წერითი დავალება მოსწავლეებს ყველაზე ხშირად კოლაბორაციული და პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში შესრულებული დავალებების შემდეგ უწევთ.
ანგარიშზე მუშაობისას მოსწავლემ უნდა განსაზღვროს, თუ რა არის ანგარიშის მიზანი, მოახდინოს მონაცემების სინთეზი, პრობლემის განსაზღვრა, სიტუაციის ანალიზი, შედეგების წარმოდგენა და სხვა. ანგარიშის ტიპური სტრუქტურა შემდეგნაირად განისაზღვრება:
· ანგარიშის მოკლე რეზიუმე იწერება თხრობითი სტილით ან წარმოადგენს ანგარიშის ქვეთავების ჩამონათვალს.
· ანგარიშის მიზანი და ამოცანები, უმეტესად, იმეორებს მოსწავლის დავალების არსს.პრობლემის ან სიტუაციის აღწერა კი წარმოადგენს კონტექსტურ ინფორმაციას და გვიხსნის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემის/სიტუაციის კვლევა.
· კვლევის ან პროექტის მასშტაბი გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა რესურსი და დრო დასჭირდა ანგარიშში აღწერილი პროექტის ან კვლევის განხორციელებას, რამდენმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, სამუშაო ერთობლივად განხორციელდა თუ ინდივიდუალურად.
· ლიტერატურის ანალიზი მიმოიხილავს ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემის ან სიტუაციის შესახებ არსებულ თეორიებს, ლიტერატურას, არსებულ მონაცემებს.
· კვლევის ან პროექტის ფარგლებში გამოყენებული მეთოდები აღწერს კვლევის, ინდივიდუალური თუ კოლაბორაციული მუშაობის და ანალიზის მეთოდებს.
· აღმოჩენები, შედეგები ან ფაქტები – მათი ფორმულირება განისაზღვრება სასწავლო დისციპლინის მიხედვით. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აღმოჩენები ექსპერიმენტის შედეგად იკვეთება, ისტორიაში შეიძლება ფაქტის კონსტატაციის სახით წარმოგვიდგეს, ლიტერატურაში ავტორის იდეები ახლებურად შეიძლება წარმოვაჩინოთ და ა.შ.
· ანალიზი – აღნიშნული ნაწილი, ესეის მსგავსად, წარმოადგენს მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორ მივედით გარკვეულ აღმოჩენამდე ან შედეგამდე, და ახალ ფაქტებს/გარემოებებს როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება გავუკეთოთ.
· დასკვნები და რეკომენდაციები მკაფიოდ და გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული, ერთი დასკვნა/რეკომენდაცია _ ერთი წინადადების სახით.
· დანართები – იგულისხმება დამატებითი საჭირო ინფორმაცია.
ორი ტიპის დავალებებს შორის განსხვავებების ნათლად დასანახად, ცხრილში წარმოდგენილია ესეისა და ანგარიშის განმასხვავებელი ნიშნები.
ანგარიში
ესეი
წარმოადგენს ინფორმაციას.
წარმოადგენს არგუმენტს.
იკითხება "სწრაფი კითხვის” მეთოდით.
იკითხება სიღრმისეულად.
გამოიყენება დანომრილი დასათაურებები და ქვეთავები.
ქვეთავების და დასათაურებების რაოდენობა მინიმალურია.
არ სჭირდება ბიბლიოგრაფია.
ყოველთვის სჭირდება ბიბლიოგრაფია (თავისუფალი ესეის გარდა).
გამოიყენება მოკლე და ლაკონური პარაგრაფები, ჩამონათვალები.
იწერება თხრობითი სტილით, გაბმული პარაგრაფებით.
გამოიყენება ცხრილები და გრაფიკული გამოსახულებები.
გრაფიკული გამოსახულებები იშვიათად გამოიყენება.
სჭირდება მოკლე რეზიუმე დასაწყისში.
მოკლე რეზიუმე იწერება მხოლოდ მაშინ, როცა ესეი დიდი მოცულობისაა.
შეიცავს რეკომენდაციებს.
შეიცავს დასკვნებს.
შეიძლება ჰქონდეს დანართები.
არ აქვს დანართები.
ენობრივი თვალსაზრისით, მოსწავლემ სწორი ლექსიკური, ორთოგრაფიული, მორფოლოგიური და სტილისტური ფორმების შერჩევა უნდა შეძლოს აზრის გადმოსაცემად.
ნაწერის სამუშაო ვერსიის დასრულების შემდეგ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნამუშევრის რედაქტირებას და კორექტურას. ნამუშევრის რედაქტირება მნიშვნელოვნად ზრდის ნაწერის ხარისხს. უმჯობესია, ის პირველადი ვერსიის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაკეთდეს. თუ ნაწერის შინაარსობრივი ასპექტით მოსწავლე კმაყოფილია და დამატებითი ინფორმაციის მოძიება საჭირო არ არის, მან კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ნამუშევარს და შეამოწმოს:
· გასცა თუ არა პასუხი დავალებას/შეკითხვას;
· რამდენად დაბალანსებულია მისი არგუმენტები, დასკვნები და რეკომენდაციები (ანგარიშის შემთხვევაში);
· წარმოდგენილი აქვს თუ არა საჭირო/სათანადო მტკიცებულებები ან ფაქტების ანალიზი;
· სტრუქტურულად არის თუ არა გამართული ნაწერი; ესეის შემთხვევაში, აქვს თუ არა მას შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა;
· თითოეულ პარაგრაფში წარმოდგენილია თუ არა მთავარი აზრი, რომელიც უკავშირდება დავალებას ან შეკითხვას;
· არის თუ არა პარაგრაფები ლოგიკურად დაწყობილი;
· რამდენად ეფექტურია წინადადებების წყობა; გამოხატავს თუ არა სათქმელს ზუსტად;
· მითითებულია თუ არა ციტატების და პარაფრაზირებული ტექსტის წყაროები (ანგარიშის შემთხვევაში _ დანართების წყაროები);
· დაცულია თუ არა ორთოგრაფიის წესები.
საბოლოო ეტაპზე მოსწავლემ კიდევ ერთხელ უნდა გადაიკითხოს ნაწერი. უმჯობესია, თუ მას ხმამაღლა წაიკითხავს. მასწავლებლის რჩევები მან ახალ წერით დავალებაზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს.

Tuesday, August 26, 2014

სადამრიგებლო-სააღმზრდელო პროგრამა(2013 – 2014 სასწავლო წელი)

VIII კლასის ხელმძღვანელის  სამუშაო გეგმა (2013 – 2014 სასწავლო წელი)

დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. ჩემი მოვალეობაა საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში, მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების გადაჭრაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა და სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.
დამრიგებლის მოვალეობიდან გამომდინარე,მე ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ყველანაირად შევეცდები ვიყო მოსწავლეთა მრჩეველი და აღმზრდელი.
  შევიმუშავე სადამრიგებლო საათის გეგმა, რომელიც ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
 აღზრდის მთლიანობა - პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;

 შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის პირობების შექმნაა;

მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა - მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა მოსწავლეთა ჩართულობა უნდა უზრუნველყოს. მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნების ფორმირებას;

 თანამშრომლობის პრინციპი - დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;

 ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი - დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.


სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე - პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;



2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოს და ბუნების მოფრთხილება;

3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.

 მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დავგეგმავ შეხვედრის თემებს.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. აღნიშნული წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა.   მოსწავლეებს ავუხსნი, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელია შეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისას განიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება.

 მოსწავლეებთან ერთად გადავწყვიტეთ  ჩავატაროთ კლასის საათები შემდეგი თემატიკით:

  • მოსწავლეთა ქცევის კოდექსი.
  • სიმეტრია ბუნებაში
  • დისკუსია-მე რომ მასწავლებელი ვიყო
  • სვეტიცხოვლობის დღესასწაული
  • ცხოვრების ჯანსაღი წესი
  • ჩემი საყვარელი წიგნი
  • მე და პოეზია
  • შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები
  • კვება და ჯანმრთელობა
  • მინდა ვიყო პოპულარული
  • ადამიანის გავლენა ბუნებაზე
  • ალკოჰოლის მავნეობა
  • მომხიბვლელობა
  • ჩვენი პლანეტა დედამიწა
  • ქრისტიანობა
  • მე ვარ ქართველი
  • "თეთრი ტყვე"
  • კოლხეთის სამეფო
  • მოწევის მავნებლობა
  • ნიკოლა ტესლა-გენიოსი,რომელმაც გაანათა მსოფლიო
  • დოკუმენტური ფილმი "სახლი"
  • გადაშენების პირას მყოფი ცხოველები
  • შიდსი
  • ანტარქტიდა ყინულს ქვემოთ
  • ამაზონის მითები
  • საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველები
  • ბაღის ფრინველებზე დაკვირვება


კლასის საათი თემაზე:
 
 შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები.

Monday, August 25, 2014

მცდარია - "ანეგდოტი", მართებულია - "ანეკტოდი".
მართებულია "რაები", მცდარია - "რეები", "რები";
მართებულია ვინ ორივე რიცხვში და მცდარია "ვინები". შესაბამისად, ვინ კითხვით ნაცვალსახელს შეიძლება ზმნა შეეწყოს მრავლობით რიცხვში. გვექნება - ვინ მოხვედით? ან -ვინ და ვინ მოხვედით?
მოდი თუ მოდით?!
მოწოდების ტიპის შესიტყვებაში - "მოდი ვისწავლოთ" "მოდი" ფორმაუცვლელი სიტყვის ფუნქციითაა ნახმარი. სხვა შემთხვევაში ზმნა "მოდი" ჩვეულებრივად იუღლება მწკრივების მიხედვით.
ნაუღლები და შემასმენლად გამოყენებული ნორმაა  : "მოდით აქ თქვენ" :)
მართებულია - "მოდი ვისწავლოთ"! მცდარია - "მოდით ვისწავლოთ"! ზმნური წარმოშობის ფორმა "მოდი" აქ ნაწილაკადაა ქცეული, ნაწილაკი კი უცვლელი სიტყვაა და არ იუღლება, შესაბამისად, არ დაირთავს მრავლობითი რიცხვის ნიშანს
  • მცდარია - "ესე", მართებულია - "ასე" ♥
  • მცდარია - "ეხლა", მართებულია - "ახლა".მცდარია - "ესაჭიროვება", მართებულია - "ესაჭიროება". (ვსაჭიროებ, საჭიროებ, საჭიროებს, მესაჭიროება, გესაჭიროება, ესჭიროება...მართებულია - "შეურაცხყოფა", "შეურაცხმყოფელი", მცდარია - "შეურაცმყოფელი", "შეურაცყოფა", შეურაწყოფა".არასწორია "სპორცმენი", მართებულია "სპორტსმენი"! 
  • კერპთაყვანისმცემლობა" ერთი სიტყვაა. (ხშირად წერენ, როგორც "კერპ თაყვანისმცემლობა"). შესაბამისად, სწორია "კერპთაყვანისმცემელი".
  • "მართ+მადიდებლობა" და არა - "მართ+მადიდებლობა". 
  • ყოფნა ქმნა ქონა ყოლა
    სახლში ყოფნა
    სახლის ქმნა
    სახლის ქონა
    შენი ყოფნა
    შენი ქმნა
    შენი ყოლა
    ყოფნა ქმნა ქონა ყოლა
    რაც არის მე მაქვს
    რაც არ არის მე ვქმნი
    მე ვქმნი რაც არ მაქვს
    ქმნა არ ყოფნა
    მე არ მყოფნის შენი ყოფნა
    მე გქმნი
    მე არ მინდა ქმნილის ქონა
    მე გჩუქნი შენსავე თავს
    მუდმივად გქმნი და მუდმივად გჩუქნი
    მე შენ არ მყავ-ხარ
    მე შენ მიყ-ვარ-ხარ.
    მართებულია ფორმა "მიმართებით". მაგალითად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა.
როგორ გავარჩიოთ, რომელია სწორი, ვგავარ თუ ვგევარ? მივაქციოთ ყურადღება, რომ მესამე პირში გვაქვს "ჰგავს". ფუძეში "ა" არის იმის მაჩვენებელი, რომ 1-ელ და მე-2 პირებში მართებული ფორმები იქნება: ვგავარ და ჰგავხარ (და არა - ვგევარ ან გევხარ).
ქართულ ენაში გარდა ფუძეში ა-ხმოვნიანი ზმნებისა, გვაქვს ე-ხმოვნიანი ზმნებიც: წევს, დევს. ჩანს, სწორედ მათი ანალოგიით მივიღეთ ისეთი უმართებულო ფორმები, როგორიცაა: ვდგევარ, ვყევარ, ვგევარ (ასევე, დგეხარ, გგევარ, მგევხარ, ჰგევხარ და ა.შ.)
მართებულია: ვგავარ, გგავარ, მგავხარ, ჰგავხარ, ვდგავარ, დგახარ; მცდარია: ვგევარ, გგევარ, მგევხარ, ჰგევხარ, ვდგევარ, დგეხარ.

უნდა ვიცოდეთ, რომ ვ- პირის ნიშანია (1-ლი პირის - ვ-აკეთებ მე მას). -აღ არის ზმნისწინი (ასეთი ზმნისწინებია ასევე, მი- მო-, და-, შე- შემო-, გა-, გამო- და სხვ). ზმნისწინი ჰქვია იმიტომ, რომ ზმნის წინ იხმარება, ანუ ჯერ მოდის ზმნისწინი და მას მოჰყვება სხვა ნიშნები. (მაგ., მი-ვ-დივარ, და-მ-ი-რეკა). აქედან, პირის ნიშანი ჯდება ზმნისწინსა და ფუძეს შორის.
მცდარია - ავღნიშნავ, ავღწერ, ავღნუსხავ, ავღზრდი; მართებულია - აღვნიშნავ, აღვწერ, აღვნუსხავ, აღვზრდი. (ანუ ჯერ "აღ" და მერე "ვ" )
ერთადერთი გამონაკლისია - ვაღიარებ.

მიუხედავად იმისა, რომ ლექსიკონები იძლევიან ფორმას "გამარჯობათ", აღმოჩნდა, რომ ეს ფორმა სწორი არ არის. სწორი ფორმებია: გამარჯობა (ორსავე რიცხვში), გაგიმარჯოს, გაგიმარჯოთ (ეს უკანასკნელი კი სწორი ფორმაა).
ასევე, საყურადღებოა შემდეგი სწორი ფორმები:
ბოდიში (და არა ბოდიშით),
კარგი (და არა კარგით),
შენი ჭირიმე (და არა ჭირიმეთ),
თქვენი ჭირიმე.
  • სიტყვა "ნერვისგან" მიიღება ისეთი ახალი ლექსიკოლოგიური ერთეულები, როგორებიცაა მაგალითად "ნერვიულობა", "ნერვიული", "ნერვული სისტემა", "ნერვებაშლილი"...
  • "რ" - "ვ" მეტათეზისი ანუ სიტყვაში ამ ორი ასოს გადანაცვლება ქართული ენისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და არაფერს წყვეტს ის, რომ არსებობს სიტყვა "ნერვი", მის გვერდით მიღებულია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, "ნევროლოგია", "ნევროპათოლოგი", "ნევროლოგი", "ნევრომა"...
  • არსებობს ნერვი, მგრამ ნევროზი.
  • მცდარია - "ტრამვა", მართებულია - "ტრავმა".
ერთი სიტყვაა:
  •  "ღვთისმოშიში",
  •  "ღვთისმეტყველი",
  •  "ღვთისმგმობელი", 
  •  "ღვთისმსახური", 
  •  "ღვთისმოსავი".
ძალიან მარტივი "წესი" - რომლის დამახსოვრებაც მრავალჯერ დიდ სამსახურს გაგიწევთ ♥
სიტყვა (კერძოდ, ზმნიზედა), რომელიც პასუხობს კითხვაზე "როგორ", ბოლოში მოითხოვს ასო "დ"-ს და არა - "თ"-ს.
მართებულია - "სწორად" და არა - "სწორათ",
" ზოგადად" და არა - "ზოგადათ",
"კარგად" და არა - "კარგათ"...
აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ მართებულია - "ალბათ" და არა - "ალბად"
როგორ გავარჩიოთ -ამ თუ -ავ დაბოლოებაა სწორი?
-უნდა მივმართოთ ზმნის საწყის ფორმას: ზმნებს - დასხმა, დარტყმა, დაბმა, სმა დაბოლოებაში აქვთ ბგერა "მ". ამიტომ სწორი ფორმები იქნება: ვასხამ, ვაბამ, ვარტყამ, ვსვამ. არსებობს ზმნები, რომელთაც საწყის ფორმებში დაბოლოებაში აქვთ ბგერა "ვ" (ხატვა, კარგვა, რგვა, ხვნა). ასეთი ზმნების შემთხვევაში სწორი ფორმები იქნება: ვხატავ, ვკარგავ, ვრგავ, ვხნავ (ანუ მათ დაბოლოებად ექნებათ -ავ) ♥
" გთავაზობთ თარგმანს, რომელიც იდეალური ვერ იქნება, რისთვისაც ბოდიშს ვითხოვთ"(ერთერთი საიტიდან). 
- ეს შესიტყვება ("ბოდიში მომითხოვია", "ბოდიშს ვითხოვ") ამ ბოლო დროს ხშირად გაისმის. მას წარმოთქვამენ: პარლამენტარები, მთავრობის წევრები, საჯარო მოხელეები, ჟურნალისტები, განათლებულებიცა და გაუნათლებლებიც.... 
ბიდიში კი არ უნდა "მოითხოვო"(!!!), არამედ - უნდა "მოიხადო". უნდა თქვა: "ბოდიში მომიხდია!" და არა - "ბოდიში მომითხოვია!". ვისგან ითხოვ? ჩვენგან? ანუ მსმენელებისაგან ან მკითხველთაგან?
ბარემ აქვე მემილიონედ გავიმეორებ: "მინდა მადლობა მოვუხადო" კი არა - "გადავუხადო"!....
როგორ დავიმახსოვროთ?
- წარმოიდგინეთ, რომ "ბოდიში" - არის "ქუდი" (რომელიც უნდა მოიხადო), ხოლო "მადლობა" არის - "ვალი" (რომელიც უნდა გადაიხადო). აწმყოში ორივეჯერ ითქმის "ვიხდი" ("მადლობას ვიხდი", "ბოდიშს ვიხდი"), შეცდომის წყაროც ესაა!!!

ამის დამახსოვრება სუსტ გონებასაც კი არ უნდა გაუჭირდე

Wednesday, August 20, 2014

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი

როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი
ავტორი: ირაკლი კვერნაძე
სამოტივაციო წერილი მნიშვნელოვანია. მას ითხოვენ უნივერსიტეტში მიღებისას, და უკვე სამსახურებშიც. ეს უნდა იყოს ინფორმაციული, დამაჯერებელი ნაწერი, რადგან იგი დიდ გავლენას ახდენს მიღება-არმიღების საკითხზე. სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა იწყება მოტივაციის კითხვით, მხოლოდ ამის შემდეგ გადადიან სხვა საბუთების განხილვაზე, ამიტომ უნდა ეცადო, პირველივე სიტყვიდან მოახდინო შთაბეჭდილება. რეზიუმეზე დართულ სამოტივაციო წერილს ორი უმთავრესი მიზანი აქვს: დაარწმუნოს პოტენციური დამსაქმებელი, რომ დაგიბაროთ გასაუბრებაზე და წარმოაჩინოს ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებიც არ ჩანს თქვენს რეზიუმეში.

საფეხურები

  1. 1შესავალი 
    თარიღი, სათაური, მისალმება. აღნიშნეთ კონკრეტულად რა სამსახურისთვის აგზავნით აპლიკაციას, საიდან შეიტყვეთ ამ პოზიციის შესახებ და რატომ ხართ დაინტერესებული. 

    ძირითადი ნაწილი 
    პუნქტებად ჩამოაყალიბეთ, თუ რატომ იქნებოდით კარგი კანდიდატი ამ პოზიციისთვის. ისაუბრეთ თქვენი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესახებ და მიუთითეთ, რატომ არის ეს რელევანტური აღნიშნული სამსახურისთვის. 

    დასასრული 
    გამოთქვით ენთუზიაზმი ამ პოზიციის შესახებ და იმედი, რომ დამსაქმებელი თქვენი აპლიკაციით დაინტერესდება.
  2. 2ფორმატი 
    სამოტივაციო წერილი ჩვეულებრივი საქმიანი წერილია. ის საკმაოდ მოკლეა, შედგება დაახლოებით 200-250 სიტყვისაგან და აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სტრუქტურა. სამოტივაციო წერილის ფორმატი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორ გზავნით სამოტივაციო წერილს – ჩვეულებრივი ფოსტით (ბეჭდური სახით) თუ ელ. ფოსტის საშუალებით.
  3. 3ბეჭდური სახის სამოტივაციო წერილის შემთხვევაში, თქვენი მისამართი და საკონტაქტო მონაცემები თქვენი სახელის ქვეშ, მარჯვენა ზედა კუთხეში იწერება . გაითვალისწინეთ, რომ ქართულში მკვეთრად განსაზღვრული პოზიცია არ აქვს ამ პუნქტს და შეგიძლიათ, მარცხენა კიდეში განათავსოთ აღნიშნული ინფორმაცია. თუმცა, ჩემი აზრით, უფრო ეფექტური იქნება, თუ მარჯვენა ზედა კუთხეში თქვენს დეტალებს დაწერთ, მის ქვემოთ, მარცხენა კიდესთან კი – იმ ადამიანის მონაცემებს, ვისაც სწერთ. 

    სამოტივაციო წერილის ელ.ფოსტით გაგზავნისას თქვენი მონაცემები, მისამართი გადადის წერილის ბოლოში. ეს არის ე.წ. ხელმოწერის ბლოკი, რომელიც ნებისმიერ ოფიციალურ წერილს ბოლოში ერთვის. ასე, რომ ამ დროს ბევრი თავის მტვრევა არ დაგჭირდებათ.
  4. 4თარიღი იწერება თქვენი საკონტაქტო დეტალების წინ ან შემდეგ, ხაზის გამოტოვებით.
  5. 5ხელმოწერას რაც შეეხება, ცხადია ელექტრონულ წერილს ხელს ვერ მოაწერთ, მაგრამ, მისი ბეჭდური სახით გაგზავნის შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა.
  6. 6სტრუქტურა 
    საუკეთესო შემთხვევაში სამოტივაციო წერილი ერთ გვერდს არ აღემატება და 4 აბზაცისგან შედგება. 

    პირველ აბზაცში დააზუსტეთ ვინ ხართ, რა საკითხზე წერთ და როგორ შეიტყვეთ ვაკანსიის შესახებ. წარმოიდგინეთ, რომ პასუხი უნდა გასცეთ დამსაქმებლის შეკითხვებს: 
    ვინ ხართ
    რატომ მიკავშირდებით
    საიდან გაიგეთ ვაკანსიის შესახებ
    რატომ უნდა დავინტერესდე თქვენით

    მეორე აბზაცში ისაუბრეთ თქვენს უნარებსა და ცოდნაზე, რომელთა გათვალისიწნებითაც სასურველი ვაკანსიისთვის შესაფერისი კანდიდატი ხართ. წაიკითხეთ განაცხადი, გაიაზრეთ მოთხოვნები, სამუშაოს აღწერა და ჩამოაყალიბეთ, თუ რამდენად აკმაყოფილებთ მოთოვნებს. უბრალოდ კი არ ჩამოთვალოთ თქვენი უნარები, დაასაბუთეთ. ჯერ აღწერეთ თქვენი უნარი, შემდეგ კი ისაუბრეთ, თუ როგორ გამოიმუშავეთ, შეიძინეთ ის. საბოლოო ჯამში, სამოტივაციო წერილმა დამსაქმებელს თქვენი პიროვნების შესახებ ნათელი წარმოდგენა უნდა შეუქმნას, უნდა დაარწმუნოს, რომ არამარტო სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო უნარები გაქვთ, არამედ ხართ შემოქმედებითი, საინტერესო ადამიანი, რომელსაც მოვალეობებისა და პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ მეორე აბზაცში ნაჩვენები უნდა იყოს, თუ რატომ ხართ შესაფერისი კანდიდატი. 

    მესამე აბზაცში ნათქვამი უნდა იყოს, თუ რატომ გსურთ აღნიშნული პოზიციის დაკავება. აღნიშნეთ უნარები, რომელსაც ამ პოზიციაზე შეიძენთ, რას მოუტანთ კომპანიას და რას მიიღებთ თავად. 

    მეოთხე აბზაცში გამოთქვით გასაუბრების სურვილი, რომ უფრო დეტალურად განიხილოთ თქვენი შესაძლებლობები თუ დასაქმების შანსები. გამოთქვით მზაობა დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად. მადლობა გადაუხადეთ, რომ გამონახა დრო თქვენი წერილის წასაკითხად.
  7. 7სტილი და დამწერლობა 
    გამოიყენეთ სადა, მარტივი ფონტი, უმჯობესია სილფაენი. შრიფტის ზომა უნდა იყოს 10-12 ერთეული. გაითვალიწინეთ, რომ მთელი დოკუმენტი ერთი ზომისა და ფონტის უნდა იყოს, ძალიან ცუდი ტონი იქნება, თუ ერთი აბზაცი ერთი ფონტით იქნება შესრულებული, მეორე – მეორეში და ა.შ. დოკუმენტის მინდორი თქვენ თავად დაარეგულირეთ. გაითვალიწინეთ, რომ სამოტივაციო წერილი ერთ გვერდზე უნდა დაეტიოს. კარგი იქნება, თუ CV-ისა და სამოტივაციო წერილს ერთი და იმავე სტილითა და ფონტით დაწერთ.