Wednesday, August 20, 2014

სოფლის განაპირა ბინადარი

გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული სამყარო ნასაზრდოებია ძალიან მძლავრი ეროვნული მწერლობის ფესვით. მას ისეთი წინაპრები ჰყავდა, როგორებიცაა ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, გიორგი ლეონიძე, რეზო ინანიშვილი და სხვა. რომ არაფერი ვთქვათ ქართული მთის ანდრეზებზე და მდიდარ და საინტერესო ფოლკლორზე. მაგრამ თავად გოდერძიმაც შეძლო თავისი განსაკუთრებული ინდივიდუალობისა და ნიჭის წყალობით ამ ყველაფერზე აღმოეცენებინა საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი, ინდივიდუალიზმით დაღდასმული და საოცრად საინტერესო ლიტერატურა, რომელიც დარწმუნებული ვარ, თავადვე იქცევა მომავალის ღონიერ ფესვად. გოდერძი ჩოხელს მთელი საქართველო იცნობს. ყველას უყვარს ეს სახელი და გვარი, თავისებურ ხიბლს რომ ატარებდა გამოჩენისთანავე. მისი ლიტერატურული თუ კინოსამყაროს სულიერება სუფთა ქართულია, ერთის მხრივ ეროვნული, მეორეს მხრივ _ ზოგადადამიანურიც. მიუხედავად გოდერძი ჩოხელის ბევრნაირი გამოცემებისა, მიუხედავად სასკოლო პროგრამული სწავლებისა, მაინც მგონია, რომ მოზარდებისთვის უფრო მრავალფეროვნად და უკეთ შეგვიძლია მისი ნაწარმოებების მიწოდება. მის შემოქმედებაზე ძალიან ჭკვიან ლიტმცოდნეებსაც დაუწერიათ მონოგრაფიები, სტატიები, რეცენზიები. იყვნენ მწერლები, რომლებიც აკრიტიკებდნენ კიდეც მას. მაგრამ დრო ყველაფერს არქმევს თავის სახელს და თუ რაიმეს მომავალშიც ერქმევა ქართული ლიტერატურა, ის წარმოუდგენელი იქნება გოდერძი ჩოხელის მოთხრობების და მისი გმირების გარეშე. ჩოხელი თავის თავში ატარებდა ორი სამყაროს: რეალურისა და ირეალურის, მითიურისა და ამჟამინდელის, სააქაოსა და საიქიოს, ზღაპრულისა და სინამდვილის, წარსულისა და მომავლის ზღვარზე მყოფი ადამიანის თვისებებს. მე ასე მგონია, რომ ეს სამყარო თავისი საიქავ-სააქაოთი, თავისი ხილულ-უხილავით ერთი დიდი სოფელია. ამ სოფელში ადამიანები სხვადასხვა ადგილას არიან დასახლებულნი, სხვადასხვა სიგრძის ხსოვნის ფესვი აქვთ გადგმული სამყაროში, სხვადასხვანაირია მათი სულიერი გამოცდილებაც და სისხლის მეხსიერებაც. რა თქმა უნდა, ზღვარზე მცხოვრების გულისყური, სმენა, ხედვა უფრო გაძლიერებულია სოფლის შუაგულის მობინადრისაგან. ჰოდა ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე გოდერძი ჩოხელი `განაპირა სახლის ბინადარი~ მგონია, რომელიც უფრო შორს და გაღმა იხედება, რომლის თვალსაწიერს არ ფარავს ცივილიზაციის `სიკეთით~ გაჟღენთილი და ურბანიზმის კომფორტით ლიბრგადაკრული მზერა. ჩოხელის ნიჭიც, უბედურებაც, ბედნიერებაც აქედან მოდიოდა. მისი შემოქმედების ფენომენს ღვთაებრივი სამართლიანობა, სიმკაცრე და სალოსურობა ერთად ქმნის! პრიმიტიულობა კი არა, უბრალოება კი არა, რაღაც სხვა _ `ღვთაებრივი სამართლიანობა~! უხასიათობა და ახირებულობა კი არა, რაღაც სხვა _ `ღვთაებრივი სიშლეგე~! სიკეთე და სათნოება და კაცთმოყვარეობა კი არა, რაღაც სხვა _ `ღვთებრივი უბრალოება”! დრო მასში უწყვეტად გაედინებოდა. ის თავად იყო სამყარო, რომელსაც უნდოდა ადამიანში გადაერჩინა თავისი თავი. თვითონ იყო რწმენაც, იმედიანობაც, თვითონვე იყო ბუნტიც, განგაშიც, შიშიც, მაგრამ ყოველთვის ღვთის მოიმედე და ღვთისთვის სათნო. ის აგროვებდა ჩვენსავე დარდებს, რათა მერე ჩვენ თვითონ წაგვეკითხა, შეგვბრალებოდა თავიცა და ჩვენი მფარველი ანგელოზიც და თვალში მომდგარი სინანულის ცრემლით ვეცნეთ უფალს (როგორც “დევების ნასოფლარში”ადამიანს ცრემლით ცნობენ) როცა ქვეყნად “ცნობის ჟამი” დადგება. ასე მწამს, გოდერძის ჩვენი დარდების გამოხსნა და უნდოდა ღმერთისაგან! სინანულით მაზიარებელი იყო! იყო წარმავალობაში მარადისობის აღმსარებელი! როდესაც გავიგე რომ გოდერძი ჩოხელი ჯილდოვდებოდა `წმინდა ანდრიას ჯვრით~ ძალიან გამიხარდა. ეს ჯილდო დაწესებულია მხოლოდ გარდაცვლილ ხელოვანთა პატივმისაგებად. მათთვის, ვინც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა მართლმადიდებლური მფსოფლმხედველობის დამკვიდრებისათვის ხელოვნებაში და კერძოდ კინემატოგრაფში, ეს ჯილდო აქვს მიღებული რეზო თაბუკაშვილს. მაგრამ როდესაც მთხოვეს, მისი წარსადგენი ტექსტის დაწერა და ასევე გამაფრთხილეს, ეს უნდა ორი სიტყვით მომეხერხებინა და ამავდროულად ყველაფერი მეთქვა ჩოხელზე, შევფიქრიანდი. მოგეხსენებათ, ყველაზე რთული სწორედ იმ `ორი სიტყვის~ მოძებნაა ხოლმე. რადგან გოდერძი ჩვენი თანამედროვე იყო და მას უამრავი ადამიანი იცნობდა ჩემზე უკეთ. იგი არ ყოფილა ჩვეულებრივი კაცი, ცხოვრებაში უამრავი რამ გადაიტანა, უამრავი რამ შექმნა, ნახა, იფიქრა, იღვაწა, გაიხარა, იტანჯა, იიმედა და ძნელი იქნებოდა ისეთი სიტყვის მოძებნა, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა მის შინაგან სამყაროს, მის ღვაწლს, საქმიანობას, მიზნებს და ამავდროულად ამ სიტყვებში ის სიმართლე იქნებოდა, რომელიც მისაღები აღმოჩნდებოდა როგორც მისი თანამედროვეთათვის, ისე მომავალთათვის. როცა ჟურნალისტმა, ბექა ელბაქიძემ გადაიღო ფილმი გოდერძი ჩოხელზე, პროექტ `ჟურნალისტის დღიურის~ ფარგლებში, მეც მხვდა წილად პატივი, ჩემი მოკრძალებული აზრი გამომეთქვა. უამრავი ადამიანი დამიკავშირდა ამ ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ. თამამდ ვიტყვი, რომ მთელი საქართველოდან, სოფლებიდან, რაიონებიდან, ეს ჩემთვისაც აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. მეუბნებოდნენ მადლობას, მიზიარებდნენ თავიანთ აზრსა და სიყვარულს გოდერძის მიმართ. სწორედ ამ ფილმის `ბრალია~, წმინდა ანდრიას ჯვრით დაჯილდოვების წარსადგენი ტექსტისათვის სტუდია “მეოხის” წარმომადგენელი რომ დამიკავშირდა. საერთოდ ბევრს ვფიქრობ გოდერძი ჩოხელის ფენომენზე. ხან მეჩვენება, რომ მას მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ჯერ კიდევ არ აქვს ჯეროვანი ლიტერატურული შეფასება მიღებული და ამას მარტო იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ის ისე გარდაიცვალა, არცერთი ლიტერატურული ჯილდო არ მიუღია, არა! მწერლობა გოდერძი ჩოხელს უფრო კონოსამყაროს შვილად სთვლიდა. მაგრამ ვინ რას თვლიდა ეს ერთი საქმეა და მეორეა თავად ფაქტი _ მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა! ხან მაღიზიანებს მის მიმართ ცოტა უბრალო და აბუჩად აგდებული დამოკიდებულებები, ფამილარულიც; აქაოდა ის სულაც არ არის იმხელა, რაცა გგონიათო. ერთი ჩვეულებრივი კაცი იყო, ჭინჭყლი მთიელიო. ფილმში ვისაუბრე და აქაც გავიმეორებ, რომ გოდერძი თავისი ერთის მხრივ გასაოცარი ღრმა სულიერი აზროვნებითა და ხედვით, მეორეს მხრივ არც თუ ისე მორჩილი და ხავერდოვანი საქციელით, ჩამოგავდა ერობაში მოღვაწე სალოს ბერს. შეიძლება ამ ნათქვამმა ბევრი გააღიზიანოს, მაგრამ მისი შინაგანი მორწმუნეობრივი მსოფლმხედველობა, მისი რელიგიურობა, რომელიც მთელ მის შემოქმედებას ასაზრდოებს, მისი ადამიანისადმი საოცარი სიყვარული და ღვთისადმი ცოცხალი და დაუეჭვებელი რწმენა, მისი დამოკიდებულება სამყაროსადმი და ორივე სოფლისადმი, მისი ცოცხალი და უწყვეტი შინაგანი ურთიერთობა წინაპრებთან, მისი მოვალეობები ქართული თუ ზოგადსაკაცობრიო სულიერებისადმი, და კიდევ ბევრი სხვა რამ, მაძლევს უფლებას მას ასე ვუწოდო და ასეც დაიწერა: “სიტყვით ცოცხალი რწმენის მქადაგებელი, წუთისოფელში მარადიულობის აღმსარებელი, ორთავე სოფლის სევდისა და სიხარულის მოზიარე, ღვთისა და მოყვასის მსახური და ერთმანეთით მანუგეშებელი, ტანჯვიდან შვებამდე სასოებით მავალი, ხილულ-უხილავ სამყაროთა უპოვარი მგზავრი, საქართველოს უკვდავებისათვის მავედრებელი, ღვთივსათნო გოდერძი ჩოხელი ჯილდოვდება წმინდა ანდრიას ჯვრით”. შემიძლია თითოეულ ამ სიტყვაზე ვაგო პასუხი, ვისაუბრო და ვიკამათო, მაგრამ ეს არის ის `ორი სიტყვა~, რომლითაც ჩოხელის ცხოვრების და შემოქმედების, ტანჯვისა და ბედნიერების გამოვხატე. გამიხარდება, თუ ბევრ ადამიანს დააფიქრებს მისი ფენომენი, რომელიც ძალიან ჰგავს თავად საქართველოს `ბიოგრაფიასაც~. ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია ადამიანთა შეფასებებში, ყალბი პათეტიკა და პირმოთნეობა. გოდერძი თავად წერდა ერთ ლექსში `ლანდს ძალით ნუ გამიბევრებო~ (და არც სჭირდება მას ლანდის _ ადამიანობისა და მოკვდავობის სიმბოლოს გაბევრება. უკვდავებს ლანდი ანუ ჩრდილი უქრებათ) და ასეცაა, არ გვინდა იმაზე მეტი ვთქვათ და ვწეროთ მასზე, რასაც ის იმსახურებდა. მაგრამ მეჩვენება, რომ არა მარტო გოდერძის, არამედ სხვებსაც, ვინც ამას უცილობლად იმსახურებს, სათანადოდ ვერ ვაფასებთ. ან ეს სიტყვა `დაფასება~ რაღაა? მათ დაფასება კი არა, `შერგება~ უნდათ. ჩვენ ბევრი გვყავს ნიჭიერი ადამიანი, ცოტა გვყავს _ ძალიან ნიჭიერიც, მაგრამ არ გვაქვს უნარი `მოვინელოთ~, `შევირგოთ~ და `ვისარგებლოთ~ ამ ნიჭით. ალბათ უხერხულია ფიზიოლოგიურ პროცესებთან ამის გაიგივება, მაგრამ რადგან ამ `მონელებაზე~ პოლ ვალერიც საუბრობდა, მე უფრო ვთამამდები და ვამბობ, რომ ჩვენ არ გვაქვს და არც არასდროს გვქონია `ნიჭის შესარგები ფერმენტი” არ გვაქვს იმის უნარი, რომ მივეპატრონოთ ჩვენსავე სიმდიდრეს სულიერ თუ ფიზიკურ პლანში. ან იქნებ, როცა ყველაფერი ასე ანომალიური და ცრუა ირგვლივ, ეს ნორმადაც მივიჩნიოთ? ხომ ფაქტია, რომ არასწორი ღირებულებებით ვცხოვრობთ. ხომ ფაქტია, რომ დიდი სიმდიდრის პატრონები ვართ და მაინც სიღარიბეს და სიცარიელეს ვეპოტინებით. სულით, სხეულით, გუმანით, ხსოვნით, ყველაფრით გრძნობდა მწერალი დღევანდელობის ჭირს და უნდოდა, რომ თავისი რწმუნება ბედნიერებაზე, მარადისობაზე, უფალზე და ადამიანისა და ღვთის ერთაინობაზე ანუ თავისი სამოთხე-გუდამაყარი ყველასათვის ეხარებინა და გაეზიარებინა! მთელი სამყაროსათვის ეჩვენებინა თავისი საქართველო, რომელზეც გადიოდა გოდერძი ჩოხელის, ბედისწერასთან მოთამაშე ადამიანის, სიკვდილთან გაშინაურებული კაცის მარადიული ფასეულობების გზაწვრილი _ `განმღრთობის გზა~!!!
2009 წელი

No comments:

Post a Comment