Sunday, October 12, 2014

შოთა რუსთაველი – "ვეფხისტყაოსანი" (პროლოგი)


    „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია პოემის გასაგებად. ანტიკურ ეპოქაშიც და შუასაუკუნეებშიც ლიტერატურულ ნაწარმოებს  საკმაოდ ხშირად წაუმძღვარებდნენ შესავალს (პროლოგს), სადაც ასახელებდნენ ღვთაებას, მეფეებს, მთავრებს ან უბრალოდ, დამკვეთებს, გამოთქვამდნენ ხოლმე ფილოსოფიურ ან თეორიულ–ლიტერატურულ შეხედულებებს და ა.შ. „ვეფხისტყაოსნის“ ძირითად ტექსტსაც უძღვის პროლოგი, სადაც ჩამოთვლილი პუნქტებია განხილული.
      პროლოგი სტრუქტურულად რამდენიმე ნაწილად შეგვიძლია, დავყოთ.
    ნაწილში ნახსენებია ღმერთი, მეფე, მთავარი გმირი, პოემის ავტორი, პოემის ფაბულა. ამის შემდეგ, II ნაწილში, კი ავტორი საუბრობს ფილოსოფიურ, თეორიულ, ლიტერატურულ საკითხებზე. კერძოდ, ადამიანის ორ უმთავრეს უნარზე: შემოქმედებით უნარზე (შაირობაზე) და სიყვარულის უნარზე (მიჯნურობაზე).  

თავისებურება 1.  პროლოგში რუსთაველი ჩამოთვლის შაირობისა და მიჯნურობის სახეებს, თითოეულის მახასიათებელ და ამოსაცნობ ნიშან–თვისებებსაც  წარმოგვიდგენს, 
რომელია კარგი და რომელი –არა, ამის ამოცნობასაც გვასწავლის.  მაგალითად, რუსთველი გამოყოფს სიტყვიერი ხელოვნების სამ სახეს („სამ ლექსს“) – ეპიკური ჟანრის ვრცელი ნაწარმოები, რომელიც ბაძავს შაირობის პირველად იდეას და ცდილობს იყოს, „საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი“ და „მსმენელთათვის დიდი მარგი“, მეორე ჯგუფი – ამ ლექსის ავტორთ არ შეუძლიათ სრულყოფილი პოეტური ნაწარმოების შემქნა, თუმცა კი ჯიუტობენ და თავი შემოქმედი ჰგონიათ, მესამე ჯგუფის წამომადგენელნი კი მოსალხენ, საარშიყო ლექსებს ქმნიან, "ამხანაგთა  სათრეველად". მიჯნურობის ასევე სამი სახეობაა ჩამოთვლილი (ზეციური, ღვთაებრივი სიყვარული, მისი ამქვეყნიური ბაძვა და სიძვა–გარყვნილება).

პრობლემა. მოსწავლეს გაუჭირდება  ჩამოთვლილი სახეობების გამიჯვნა და დახასიათება. სიტყვიერი ხელოვნების (შაირობის) რამდენ სახეს გამოყოფს და რა განასხვავებს  ამ ჯგუფებს,  მიჯნურობის რამდენგვარობაზე საუბრობს ავტორი და როგორ ხასიათდება თითეული მათგანი  –ამის დადგენაში  უნდა დავეხმაროთ მოსწავლეს.

აქტივობა. გამოვიყენებ ცხრილებს იმისათვის, რომ შაირობისა და მიჯნურობის ჯგუფების კლასიფიკაცია უფრო ნათელი გავხადო,  ხოლო თითოეული ჯგუფის მახასიათებლების ტექსტიდან ამოსაკრეფად გამოვიყენებ „გონებრივ იერიშს“. 

თავისებურება 2. „ვეფხისტაოსანზე“ საუბრისას გასათვალისწინებელია ისტორიული კონტექსტი. მით უფრო, რომ  პროლოგში, შეფარვით თუ პირდაპირ, ნახსენებია  ისტორიული პიროვნებები. („ვის ჰშვენის,– ლომსა,– ხმარება შუბისა, ფარ–შიმშერისა, –მეფისა მზის თამარისა, ღაწვ–ბალახშ, თმა–გიშერისა“, „თამარს ვქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ–დათხეული...“).  ამ სტროფების წაკითხვისა და გარჩევის შემდეგ მოსწავლე კითხულობს „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“. 

პრობლემა. მოსწავლეს გაუჩნდება კითხვა, თუკი ქართველა მეფეებზე ვსაუბრობთ, როგორღა არის ეს პოემა სპარსული? იქნებ მართლაც არსებობს სპარსულად თხზულება, რომელიც რუსთაველმა თარგმნა?

აქტივობა.  პირველ რიგში, გავაცნობ ხანგრძლივი კვლევის შედეგს, რომლის მიხედვითაც, "ვეფხისტყაოსანი" არ ითარგმნა ერთი რომელიმე კონკრეტული სპარსული ნაწარმოებიდან,  შემდეგ დავწერ დაფაზე  სტრიქონს („ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები“) და სიტყვა–სიტყვით განვუმარტავ. (სიტყვა „ნათარგმანები“ ყოველთვის არ ნიშნავს ერთი ენიდან მეორეზე თარგმნილს. მაგალითად ვახტანგ VI-მ  ბეჭდურ „ვეფხისტყაოსანს“ დაურთო კომენტარები, რომელსაც „თარგმანი“ უწოდა.  ამდენად, ეს სტრიქონი ასე განიმარტება „ეს ამბავი სპარულია, უცხოა, ქართულად გააზრებული“. მოქმედების სხვა ქვეყანაში გადატანა ერთგვარი პოეტური ხერხია, რომელიც რუსთველის მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს. ამის შემდეგ  გამოვიყენებ კიდევ ერთ აქტივობას – საკლასო დისკუსიას, თემას ჩამოვაყალიბებ ასე: თქვენი აზრით, რუსთაველმა რატომ მოისურვა პოემის სიუჟეტის უცხოდ წარმოჩენა, გაუცხოება?  (სავარაუდოდ, გამოიყოფა ორი ძირითადი მოსაზრება: 1. ნაწარმოების უცხოურ წარმომავლობაზე საუბარი იმის მიმანიშნებელია, რომ იგი საყოველთაო, ზოგადადამიანურ თემებს ეხება; 2. ამავე დროს ეს ერთგვარი ხერხია, რომლითაც ავტორი თავს იცავს მოსალოდნელი კრიტიკისგან – მან მიწიერი, ხორციელი სიყვარული განადიდა, ამასთანავე თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრების არსი თამამად გამოსახა).

მ. ჯავახიშვილი – „ჯაყოს ხიზნები“


მიხეილ და ქეთევან
 ჯავახიშვილები 


 თავისებურება 1. მ.ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“  ლიტერატურულად და რეალისტურად  გადმოგვცემს საქართველოს ისტორიის ერთ კონკრეტულ მონაკვეთს. მწერალი თავის შემოქმედებაში აღწერს, თუ რა ზარალი მოუტანა სოციალიზმმა ერს. 1924 წელს ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თავისუფლებისთვის და ეს ბრძოლაც სისხლში ჩაახშეს. „ჯაყოს  ხიზნები“ 1924 წელს დაიწერა. ამდენად, დიდია ისტორიული მოვლენების გავლენა მ.ჯავახიშვილის  რომანზე. ეს ნაწარმოები ერთგვარი გამოტირებაა, თვითდასჯაა იმის გამო, რომ გონიერმა ქართველმა  ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო  და ერი მგელს შეატოვა ხელში.

პრობლემა. მოსწავლე ვერ მოახერხებს ნაწარმოების დაკავშირებას ისტორიულ მოვლენებთან. ტექსტის სწავლებისას  თუ ამ თავისებურებას არ გავითვალისწინებთ, მოსწავლე ვერ გაიაზრებს სრულყოფილად „ჯაყოს ხიზნების“ სათქმელს. შესაბამისად,  გადმოცემული ამბავი მისთვის ოდენ ერთი ოჯახის ისტორია  იქნება. არადა, თეიმურაზის სულიერი დაცემა–გაპარტახებით მწერალი გვიჩვენებს ერის სასიცოცხლო ენერგიის დაშრეტას ახალი რეჟიმის პირობებში.


აქტივობა. მინილექციის დახმარებით  მოსწავლეებს გავახსენებ ამ მონაკვეთს (XX საუკუნის 10–20–იან წლებს) საქართველოს ისტორიიდან. მოსწავლეებს გავაცნობს მ.ჯავახიშვილის შვილის, ქეთევან ჯავახიშვილის, მოგონებებს მამაზე. კონკრეტულად რას იგონებს მწერლის ქალიშვილი „ჯაყოს ხიზნებთან“დაკავშირებით. ("ჯაყოს ხიზნების" მეორე გამოცემის ყდაზე დახატული იყო ორი ძაღლი, რომლებიც ყმუოდნენ. მ.ჯავახიშვილს უთქვამს, მარგო გათავისუფლებას ელის და ყმული იმას ნიშნავსო. "ჯაყოს ხიზნები" გმინვაა ჩემი სულისო" და ა.შ.) 

თავისებურება 2. რომანში წარმოდგენილია სამი ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი.  „ჯაყოს ხიზნების“ პირველი ნაწილი მარგოს სურათს წარმოაჩენს, მეორე ნაწილი – თეიმურაზისას და მესამე –ჯაყოსას. მკითხველს უწევს ადამიანის ფსიქიკის უღრმესი შრეების გააზრება. ამ სამი ადამიანის (თეიმურაზ ხევისთავის, მარგო ყაფლანიშვილისა და ჯაყო ჯივაშვილის) პორტრეტები ჩვენ თვალწინ იკვეთება, ვითარდება, აღზევდება, ეცემა და პარტახდება.

პრობლემა. მოსწავლემ უნდა მოახდინოს ამ სამი პერსონაჟის ფსიქოლოგიური პორტრეტის გააზრება, მათი განზოგადება და ალეგორიული ჩანაფიქრის ამოხსნა. თეიმურაზი კონკრეტული ადამიანის სახეცაა და იმავდროულად სიმბოლურიც. ასევეე ჯაყო და მარგო.

აქტივობა. პერსონაჟთა ხასიათების  ამოსახსნელად ძალიან კარგია საკლასო დისკუსიის მოწყობა. არგუმენტირებულად ვიმსჯელებთ თითოეული გმირის შესახებ.  შევთავაზებ მოსწავლეებს  რამდენიმე საკითხს განსახილველად. მაგალითად,
  • „ნაკაცარი, ნამოღვწარი, ნავექილარი თეიმურაზ ხევისთავი“;
  • „ჯვარცმული ანგელოზი“
  • „სიცოცხლე, როგორც აყროლებული ლეში – თეიმურაზი და ახალი ქვეყანა“
  • „ქალაქში შემოვარდნილი დათვი“.

თავისებურება 3. ნაწარმოებში გარდა არსებული პერსონაჟებისა, ორი ისეთი პერსონაჟია, რომელიც არ–არსებულია, არადა, მნიშვნელოვან როლს კი ასრულებს. „ბედი მდევარი“ და თეიმურაზის „ორეული“ (სინდისი) მაშინ ჩნდებიან, როცა მთავარ გმირს სასიცოცხლო ყველა ძალა ამოეწურება. თეიმურაზს არ შესწევს ძალა და ნებისყოფა რამე შეცვალოს და უკანასკნელ იმედად ბედი მდევარიღა ეგულება– ის იძიებს შურს, ის გაასწორებს ქვეყანას და აღადგენს სამართალს. რაც შეეხება თეიმურაზის ორეულს, რომელიც ესაუბრება თეიმურაზს, ეს მისი სინდისია (როგორც სულხან–საბა ორბელიანი იტყოდა, „მამხილებელი გონება“)

პრობლემა. მოსწავლე, შესაძლოა, ვერ მიხვდეს, რა მნიშვნელობა ენიჭება ამ ორ არარეალურ პერსონაჟს რომანის საერთო ქარგაში. უნდა დავეხმაროთ მოსწავლეს, რომ ბედი მდევარი და ორეული თეიმურაზის ფსიქოლოგიურ პორტრეტს დაუკავშიროს.

აქტივობა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოსწავლეებს კიდევ ერთხელ წავაკითხებ ეპიზოდებს, სადაც ეს ორი არარეალური პერსონაჟი ჩნდება. კლასში ვიმსჯელებთ, რა ათქმევინა  მწერალმა „ორეულს“ და რა ფუნქცია დააკისრა „ბედ მდევარს“. ვის გასაკეთებელს აკეთებენ და ვის სათქმელს ამბობებენ 


" შუშანიკის წამება "


„შუშანიკის წამების“  შესწავლისას, სასურველია, თუ გავითვალისწინებთ და ვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე.(გთავაზობთ საკითხთა ჩამონათვალს,რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ):
1. შესავალი–  ჟანრის შესახებ–  ძველი ქართული მწერლობის ერთ–ერთი ძირითადი დარგიაჰაგიოგრაფია. (ანუ სასულიერო პროზა) . ჰაგიოგრაფია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და სიტყვასიტყვით ნიშნავს წმინდანთა, ანუ ქრისტიანობისთვის თავდადებულ პირთა, წამების ან ცხოვრების აღწერას. (ჰაგიოს– წმინდა , გრაფოს– ვწერ).
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები იქმნებოდა იმიტომ, რომ ტექსტები ეკლესიაში წაკითხულიყო ღვთისმსახურების დროს, რათა მრევლისთვის განემტკიცებინათ რწმენა და ეჩვენებინათ, რომ ჩვეულებრივ მოკვდავებსაც შეუძლიათ ქრისტეს გზის გამეორება.
ქართული სასულიერო მწერლობა მდიდარია როგორც ნათარგმნი, ისე ორიგინალური ჰაგიოგრაფიის ნიმუშებით.  ჩვენამდე მოღწეულ პირველ ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებად ითვლება  იაკობ ხუცესის "შუშანიკის წამება".  
2. ნაწარმოების ისტორია–  იაკობ ხუცესის  "შუშანიკის წამება" დღემდე მოღწეული უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლია. იგულისხმება, რომ მანამდე უეჭველად არსებობდა სხვა თხზულებები , რომლებმაც საფუძველი მოუმზადეს ამ ნაწარმოებს.  "შუშანიკის წამებით" იწყება 1500 წლოვანი ქართული მწერლობის შესწავლა.
"შუშანიკის წამებაში" კონკრეტული ეროვნულ–ისტორიული საკითხების გვერდით აისახა მაშინდელი მსოფლიოს ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა : ბრძლოლა ორ დიდ რელიგიას _ქრისტიანობასა  და  მაზდეანობას  შორის .
მაზდეანობა , ცეცხლთაყვანისმცემლობა –  ზოროასტრიზმი ( შუშანიკის თქმით "ატროშანი") – ძველ ირანში, ახლო და შუა აღმოსავლეთში გავრცელებული რელიგიაა. სახელწოდება მმდინარეობს წინასწარმეტყველ ზოროასტრისგან.  ღვთაებრივი სამართლის გამოვლინებად მიაჩნიათ ცეცხლი.  მათი წმინდა წიგნია "ავესტა" . არაბთა მიერ ირანის დაპყრობისა და სასანიანთა დაცემის შემდეგ მოსახლეობამ მიიღო ახალი რელიგია – ისლამი (იგივე მაჰმადიანობა, მუსულმანობა)

3ისტორიული ვითარება  –  "შუშანიკის წამებაში"  აღწერილია ის პერიოდი, როდესაც ირანი საქართველოს დასამორჩილებლად ინტენსიურად ცდილობდა ქრისტიანობის აღმოფხვრასა და მაზდეანობის დანერგვას.  უკვე გაუქმებულია მეფობა სომხეთსა და ალბანეთში. რჩება მხოლოდ საქართველო. მდგომარეობას ართულებს ისიც , რომ ვახტანგ გორგასალი საქართველოში არ იმყოფება, ამით გათამამაბული დიდგვაროვნები უარყოფენ ქრისტეს რჯულს და აღიარებენ მაზდეანობას, ყოველივე ამას პირადი განდიდებისა და შაჰის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სჩადიოდნენ.
4. ავტორი –  დაზუსტებული ცნობები  ავტორზე შემონახული არაა, ვიცით მხოლოდ , რომ ერქვა იაკობი და იყო ხუცესი, ანუ მღვდელი. არსებობს ჩანაწერი, რომ ცურტავის ეპისკოპოსი იყო ვინმე იაკობი, ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს არის "შუშანიკის წამების" ავტორი. ამიტომ ავტორს ხშირადიაკობ ცურტაველადაც მოიხსენებენ.

       ნაწარმოების შესწავლისას თავს იჩენს ორი ძირითადი თავისებურება, რომელიც კარგად უნდა განვუმარტოთ მოსწავლეებს, რომ ტექსტი სრულყოფილად  შეისწავლონ. გთავაზობთ ორ თავისებურებას და ორ აქტივობას, რომელსაც  ვითვალისწინებთ და ვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში:

თავისებურება 1 – ისტორიული–კულტურული გარემო
    ნაწარმოების შესწავლისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საუკუნის ისტორიულ–კულტურული გარემოს შესწავლას. ეს ის თავისებურებაა, რომელიც კარგად თუ არ ავუხსენით  და განვუმარტეთ მოსწავლეებს,  ნაწარმოების საფუძვლიან და სრულყოფილ შესწავლას ვერ მოახერხებენ.  მოსწავლემ  რომ გაიგოს მთავარი გმირის, მოწამის (ამ შემთხვევაში შუშანიკის)  ნაბიჯის მნიშვნელობა, აუცილებელია იცოდეს, რომ იმ დროს სარწმუნოების ერთგულება  სახელმწიფოს ინტერესების  დაცვასაც ნიშნავდა. საინტერესოა ამ კუთხით ისიც, რომ ვარსქენის მამა, არშუშა და შუშანიკის მამა, ვარდანი, ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი. ამას შუშანიკი ახსენებს მეუღლეს.   შენმა წინაპარმა თავი გაწირა (ეკლესიანი და სამარტვილენი ააშენა), ხოლო შენ– დაამხეო.  შუშანიკის თავგანწირვა უბრალო სიკეპრე და სიჯიუტე არ იყო, შუშანიკმა მოღალატე ქმრის ნების აღსრულებაზე უარის თქმით სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები დაიცვა. ეს მოსწავლისთვის ცხადი იქნება, თუ ნაწარმოების შესწავლისას, უპირველეს ყოვლისა, ამას დაეთმობა ყურადღება.
      აქტივობა: აქტივობა, რომელიც შეიძლება ამ თავისებურების ახსნისას გამოვიყენოთ , შეიძლება , იყოს მინი–ლექცია. სასურველია, თუ საუბრისას რამდენიმე შესვენებას გავაკეთებთ და მოსწავლეს მოსმენილის შესახებ კითხვებს დავუსვამთ. მონოტონურ საუბარს ნამდვილად აჯობებს, თუკი რამდენიმე მნიშვნელოვანი პასაჟის გახსენების შემდეგ, კლასს  დავყოფთ წყვილებად ან ჯგუფებად, ჩავატარებთ სახელდახელო ვიქტორინას იმის ირგვლივ, რაზეც ვესაუბრეთ და შევამოწმოთ, რამდენად კარგად გაიგეს ახსნილი. შეიძლება, საკლასო დისკუსიის მოწყობაც თემაზე: დიდგვაროვანთა საქციელი იყო/არ იყო ღალატი.

  თავისებურება 2– ციტატები სახარებიდან.
 „შუშანიკის წამების“ სრულყოფილად გააზრებისთვის აუცილებელია სახარებისეული სახე–სიმბოლოების, გამონათქვამების განმარტება. მოსწავლე ვერ შესძლებს სრულყოფილად გაიგოს ნაწარმოების შინაარსი, ვერ შეიგრძნობს ნაწარმოების მხატვრულობას, თუ  ციტატები სახარებიდან არ განვუმარტეთ.
 მაგალითად, რატომ მოიხსენიებს შუშანიკი თავის თავს ასე– „მეთერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ“? ან ვის ეკუთვნის სიტყვები: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ?“ და რა მნიშვნელობა ენიჭება ნაწარმოებში ამ ციტატების გამოყენებას? ეს კარგად უნდა განვუმარტოთ.
  გაგაცნობთ  რამდენიმე განმარტებას:
განმარტება 1: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“.                                                                      შუშანიკის სახლიდან წასვლის შემდეგ მის სანახავად მივა იაკობ ხუცესი. იაკობი ამოწმებს დედოფლის სიმტკიცეს და აფრთხილებს: – მწარე (ბოროტი) გონება აქვს ვარსქენს და ტანჯვასა და გვემას  შეგამთხვევსო. ამაზე პასუხობს შუშანიკი:
        უმჯობესია, მისი ხელით მოვკვდე, ვიდრე მას შევუერთდე და სული წავიწყმიდო. მსმენია პავლე მოციქულისგან: „არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“.
ეს სიტყვები ნათქვამი პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ მიძღვნილ პირველ ეპისტოლეში. (ქრისტეს მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში ქადაგებდნენ, ზოგან ეპისტოლეებით მიმართავდნენ ხალხს). ციტატა ასე განიმარტება: მორწმუნეების ნება თავისუფალია. იგი დამონებული არ არის. თუ ურწმუნო და ან ძმა (თუნდაც მეუღლე)  მორწმუნე დის ან ძმის  (თუნდაც მეუღლის) მეშვეობით  არ მოექცევა ქრისტეს რჯულზე, მაშინ განშორება სჯობს.
განმარტება 2. „მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“.                                                                                                ექვსი წლის გასვლის შემდეგაც არ ისვენებდა  ვარსქენი და ცდილობდა შუშანიკის დაბრუნებას სასახლეში. ერთ–ერთი ასეთი მცდელობისას შუშანიკმა ვარსქენს მოხერხებულად გაუხსენა  მისი ნათქვამი:
        შენ თვითონ მითხარი, შენი ფეხით(ცოცხალი) მაგ ციხიდან ვერ გამოხვალო. ხოლო თუ შეგიძლია მკვდრის აღდგენა, მაშინჯერ დედაშენი გააცოცხლე, რომელიც ურდშია დამარხული. ხოლო თუ მისი აღდგენა არ შეგიძლია, მაშინ ვერც ჩემს გაყვანას შეძლებ, თუ არ გამათრევო.
მეორე დღეს ვიღაც შევიდა შუშანიკთან და შეუქო მოსწრებული სიტყვა. მაშინ დედოფალმა მიუგო:
        შენ ღმერთი „ძილსა შინა“ ნუ გგონია, იგი სათქმელს განუმზადებს ადამიანს, რადგან თავად უფალი ამბობს: „მე მიუგო სიტყუაჲ თქუენ წილ“.
განმარტება 3. „მეთერთმეტჱ მოქმედი ვენაჴისაჲ“.  (მეთერთმეტე მუშაკი ვენახისა, მეთერთმეტე ჟამის მუშაკი). 
  ასე უწოდებს შუშანიკი თავის თავს. ეს სიტყვები გამოძახილია მათეს სახარების იგავისა.   ვენახის პატრონმა მუშაკები დაიქირავა განთიადზე და თითო დრაჰკანი აღუთქვა, დღის სხვადსხვა მონაკვეთში მან კვლავ დაიქირავა მუშაკები და მათაც იმავე ანაზღაურებას დაპირდა. სულ ბოლოს კი ღამის 11 საათზე დაიქირავა ვენახის მუშაკი. შუაღამისას, როცა ყველას გაუსწორდა პატრონი, მეთერთმეტე ჟამის მუშაკსაც იმდენივე გადაუხადა, რამდენიც განთიადზე მისულთ.                                      ამ იგავის მორალი არის ის, რომ არასოდეს არის გვიან ღვთის სამსახურში ჩადგომა, ღვთის სამართალი თანაბრად მიეზღვება ჭეშმარიტების მსახურთ.
ჰაგიოგრაფიის გმირები ხშირად მოიხსენებიან, როგორც „მეთერთმეტე ჟამის მუშაკები“. ისინი ღვაწლით გაუტოლდნენ ღვთის გზაზე ადრე დამდგართ. შუშანიკი მიიჩნევს, რომ მოკრძალებულია მისი ღვაწლი, მაგრამ ღვთიური მადლი მასაც ისევე მიენიჭება, როგორც პირველ მოწამებს. 
აქტივობა: ციტატები თავდაპირველად უნდა განიმარტოს კონტექსტის მიხედვით. ამის შემდეგ დაფაზე შევადგინოთ ცხრილი, რომლის კომპონენნტები იქნება – "ციტატა"– "განმარტება" – "ეპიზოდი".  ხსენებული პერსონაჟები? 

No comments:

Post a Comment