Sunday, September 28, 2014

27 სექტემბერი აფხაზეთის ომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. ამ დღეს, განთიადისას, სოხუმი დაეცა. ქალაქის აღებას წინ უძღოდა 27 ივლისის შეთანხმება, აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ. ამიტომ, როცა აფხაზმა სეპარატისტებმა 16 სექტემბერს რუსეთის ხელშეწყობით სოხუმზე იერიში მიიტანეს, ქალაქი ქართული საბრძოლო აღჭურვილობისგან თითქმის დაცლილი იყო და ჩვენს ჯარს მხოლოდ ადამიანური რესურსების გამოყენებით უხდებოდა ბრძოლა. მიუხედავად ამისა, ქართველები 12 დღის განმავლობაში გმირულად იგერიებდნენ სეპარატისტთა შემოტევას.
სოხუმის დაცემის შემდეგ, 29 სექტემბერს, ოჩამჩირე დავკარგეთ, 30 სექტემბერს – გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა, აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპირებით დასრულდა. ეს ომი ქართველი და აფხაზი ხალხის უდიდესი ტრაგედიაა. ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი უსახლკაროდ დარჩა.



გვახსოვდეს აფხაზეთი
"თუ რამე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ"...
"თუ რამე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ"...

"ღმერთმა დალოცოს და აცხოვნოს აფხაზეთს მამულისათვის შეწირულთა სულნი. `მხოლოო ცხოველსმყოფელო უფალო, უფსკრულო სახიერებისაო, სულნი მიცვალებულთანი სასუფეველსა შენსა დააწესენ და განსვენება მიჰმადლე მათ, მხსნელო". სამშობლოსათვის თავდადებულნო, ლოცვითა თქვენითა შეეწიეთ საქართველოს.
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1993 წლის 27 სექტემბერს გუდაუთაში აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. მისი სიკვდილის გარემოებებიდან მრავალი რამ ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ცხადზე ცხადია ერთი რამ: ქართველი, ქართველებსა და აფხაზებს შორის ყველაზე კეთილი ურთიერთობების მქადაგებელი განგმირეს აფხაზური, უფრო სწორად, აფხაზების ტყვიით, მოკლეს მხეცურად მკერდში, მუცელში, თავში ნასროლი ტყვიებით.
ჟიული შარტავას დიდი იმედი ჰქონდა თავისი აფხაზი მეგობრებისა, რომლებიც მრავლად იყვნენ გუდაუთაში. მათ არწმუნებდა, რომ არა აქვთ უფლება, დაარღვიონ არა მარტო პირადი მეგობრობა, არამედ ქართველებისა და აფხაზების მეგობრობა. ასე აზროვნებდა და მსჯელობდა იგი. შესაძლოა, სწორედ "მეგობრებმა" შეუწყეს ხელი ამ დიდი პიროვნების ტრაგიკულ აღსასრულს. არა აქვს მნიშვნელობა, პირადად ვისმა ტყვიამ იმსხვერპლა ის. ნათელია, რომ უკეთეს შემთხვევაში მათ არაფერი გააკეთეს მის გადასარჩენად, ხოლო უარესში - თვითონ შეუწყეს ხელი ამ მუხანათურ მკვლელობას.
იმ მძიმე დღეებში ცდილობდნენ მის დარწმუნებას, რომ მინისტრთა საბჭო უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. მისი პასუხი ასეთი იყო: "მე აქ უნდა ვიყო, რადგან ხალხი მუდმივად რეკავს და თუ აღმოჩნდა, რომ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ადგილზე არ არის, შეიძლება, მდგომარეობა გართულდეს და ამას უარესი შედეგები მოჰყვეს".
ჟიული შარტავას თავიდანვე კარგად ესმოდა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იმყოფებოდა და გმირობაც სწორედ იმით გამოიხატებოდა, რომ აფხაზეთში ყოფნის პირველი დღიდანვე გრძნობდა, თუ რაოდენ არამყარი იყო მისი სიცოცხლის ძაფი, მაგრამ სულიერად არ ტყდებოდა.
ერთ-ერთ ყველაზე უმძიმეს დღეს მას სოჭში მოლაპარაკებაზე წასვლა მოუხდა. როდესაც სოჭში მყოფმა შეიტყო, რომ ქალაქში არ წყდებოდა სროლა, იყო უამრავი მსხვერპლი და ნგრევა, თვალში ცრემლმომდგარმა რამდენჯერმე გაიმეორა:  "რატომ წამოვედი, რატომ დავტოვე სოხუმი ასეთ მდგომარეობაში".
"სოხუმის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე ჩვენ ბევრჯერ ვთხოვეთ ჟიული შარტავას, დაეტოვებინა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობა, - იტყვის შემდეგ ამ ტრაგიკულ დღეზე, 27 სექტემბერზე სანდრო კავსაძე, -  გამთენიისას თითქმის დავიყოლიეთ და ის მაინც უკან დაბრუნდა. "ჩვენ ცუდი არაფერი გაგვიკეთებია, ჩვენი მისიაა - შევარიგოთ ორი ხალხი, მე ხელს არ მახლებენ".
გუდაუთელთა რადიოკავშირიდან დაჭერილ ხმებში კი ისმოდა:
"ავიღეთ აფზაზეთის მინისტრთა საბჭო, ხელში ჩავიგდეთ შარტავა და სხვები, რა გავაკეთოთ? ხელისუფალთ გადავცეთ?... წაიყვანეთ გუდაუთაში, მათ აფხაზეთის მიწა უნდოდათ და დაე, ჭამონ იგი"...

* * *
უწმიდესისა და უნეტარესის, სრულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მიერ 1995 წლის ივნისში ინგლისში ყოფნის დროს კენტენბერიის მთავარეპისკოპოს ჯორჯ კერისთან და საზოგადოებასთან შეხვედრისას წარმოთქმული სიტყვიდან:
"ერთ მაგალითს გაგაცნობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე იგი კომკავშირის ცკ-ს მდივანი, რუსთავის მერი იყო, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. მას ყველგან იცნობდნენ, როგორც გამორჩეულად პატიოსან, მომთხოვნ, გონიერ, ერთგულ ადამიანს. კომუნისტური რეჟიმის დროს ის ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ თანდათან დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადმორწმუნე გახდა. აფხაზეთში ყოფნისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იქ მყოფ სამღვდელოებას, ბერებსა და მონაზვნებს. ისინიც ხშირად სტუმრობდნენ ხოლმე მას.
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული-დავითიც (ასე უწოდებდნენ მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა: მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა: ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ სამშობლო გადამირჩინეო.
სამი დღის შემდეგ სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს. ბატონი ჟიული-დავითი ტყვედ აიყვანეს (მას გაქცევა შეეძლო, მაგრამ ხალხი არ მიატოვა) და იმავე დღეს წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ის ჟიულისა და მისი ერთი თანამებრძოლის მკვლელობის თვითმხილველი იყო. ავტორმა არ იცოდა, რომ ის პიროვნება, ვის შესახებაც მწერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. წერილში, რომელიც რუსულად იყო შედგენილი, ეწერა:  "გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, ამტანობამ, სიმამაცემ, სამშობლოსა და თავისი ქვეყნის სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რომ იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. მჯერა, რომ ასეთი შვილების გამზრდელი ერი არ გადაშენდება". ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და, ალბათ, თვითონაც იღებდა მონაწილეობას (შეიძლება პასიურს) შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში".

* * *
15 სექტემბერს, გამთენიისას იგი შექმნილი მდგომარეობის გამო პრეზიდენტთან შესახვედრად სოხუმიდან თბილისში ჩამოფრინდა. 16 სექტემბერს, დილით ადრე სოხუმიდან დაურეკეს. საუბრისას მან თანდათან დაკარგა ფერი, შემდეგ კი მეუღლეს მიუბრუნდა: "მგონი, ისევ დაიწყო ომი აფხაზეთში". შემდეგ, სოხუმში წასვლის წინ კიდევ ერთხელ "დაამშვიდა" ის:  "ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ, ახლა ესეც უნდა ვნახოთ". მიმავალმა კი, კარებთან დამშვიდობებისას ასე უთხრა მას: "ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რამე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ".

* * *
მისი სიცოცხლის უკანასკნელ ხანებს კი ასე იხსენებენ:
მონაზონი ევგენია (მახარაძე):
28 აგვისტოს, წირვის შემდეგ ტაძარში შემოვიდა ბატონი ჟიული შარტავა. ტაძარში უკვე აღარავინ იყო. დიდხანს, დიდხანს მარტო ლოცულობდა. ძალიან იმოქმედა, თვალცრემლიანი შევცქეროდი"...
მონაზონი ელენე (ნაფეტვარიძე):
"ჩვენი ხშირი სტუმარი იყო ჟიული შარტავა. იგი განსაკუთრებული ყურადღებითა და სითბოთი გვეპყრობოდა. მეუფე დანიელმა, მისივე თხოვნით, სახელი შეუცვალა მას და დავითი უწოდა".
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი):
"ორი ღამე ჩვენთან ერთად გაათია ჟიული შარტავამ. მამამისი მამაჩემს უყვარდა ძალიან. მასთან მუშაობდა და მუდამ დალოცავდა ხოლმე, როცა გაიხსენებდა. ჟიულისაც გაეხარდა, რომ ვუთხარი, ვისი შვილი ვიყავი. ჩემს სულს შენ გაბარებ, ჩემი სულისთვის ილოცეო, - მითხრა. მიგვიწვია კაბინეტში, ის წუთები დაუვიწყარი იყო, მცირე პაუზა ჩამოვარდა... ჟიული ფეხზე წამოდგა, ხატებთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, ხელები ზევით აღაპყრო და - ღმერთო, ყველას მაგიერ მე დამსაჯე და სამშობლო გადამირჩინეო, - წარმოთქვა ხმამაღლა, შთაგონებით. გავიღიმე და ვუთხარი:
-რაც ღვთის ნებაა, ისე იქნება, ჩემო ბატონო... ეს ქვეყანაც არსებობს და ის ქვეყანაც... მამათქვენს კალისტრატე ჰქვია, მეც კალისტრატე ვარ და ორივე ვილოცებთ თქვენთვის-მეთქი.
გაიღიმა. მეორე ოთახში გავიდა; ფლომასტერები გამოიტანა და დაგვირიგა... ეჰ, მშვიდობა რომ იყოს, კი ვიცი, როგორი მასპინძლობა გეკადრებათ თქვენო, - გვითხრა. გამოვართვი ის ფლომასტერი და ვინახავ, როგორც ძვირფას რელიქვიას. მისი სულისათვის კი მარადის ვილოცებ... თუმცა, ის, ვინც სამშობლოსათვის წამებით აღესრულა, ვინც მოიხადა თავისი ვალი, უკვე სუფევს სასუფეველში.
უფალმა გაანათოს მისი სული... უფალმა სამშობლო უცოცხლოს"...

* * *

"ღმერთო, სულთაო და ყოველთა ხორციელთაო,
რომელმან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასთრგუნე,
და ცხოვრება სოფელსა მოანიჭე,
შენ, უფალო, განუსვენე სულთა მონათა და
მხევალთა ამათ, ადგილსა ნათლისასა,
ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასუენებელსა"...

ხათუნა რაქვიაშვილი

No comments:

Post a Comment