Tuesday, September 2, 2014

როგორ cv-ს ქვია კარგი cv :)

პერიოდულად ჩემი მეგობრები მთხოვენ ხოლმე, გადავხედო მათ რეზიუმეებს, და სიამოვნებით ვაკეთებ ამას. კარგი შეგრძნებაა, როცა ვინმეს შეგიძლია “ხელი წაუკრა”. მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როცა მეუბნებიან: “CV დამიწერე, რა.” სირცხვილი და თავის მოჭრა! ყოველთვის უარს ვამბობ. მე დაგეხმარებით სიამოვნებით, მაგრამ არ გავაკეთებ თქვენს გასაკეთებელს. გარდა იმისა, რომ დასაზარია, მიმაჩნია, რომ დათვური სამსახურია.
googlejobs
თუ გინდათ იპოვოთ სამსახური ან შეიცვალოთ სამუშაო ადგილი, ამისთვის გჭირდებათ, პირველ რიგში, კარგი CV, იგივე რეზიუმე, იგივე პროფესიული ავტობიოგრაფია (როგორც საბჭოთა კავშირში ერქვა), და არა “პატრონი” და “სამსახურში მომწყობის” ძებნა. :)
დასაწყისისთვის:
გაფრთხილება! სანამ სამსახურის ძებნას დაიწყებთ, ისწავლეთ WORD–ი! ერთთვიანი კურსი კი არა, 6–თვიანი აიღეთ!!! ან თქვენით გაარჩიეთ. მიყევით მენიუს და ყველა ელემენტი სათითაოდ გაარჩიეთ! ნახეთ ინტერნეტში 367 კარგი cv, და ასე შემდეგ. თუ კლერკობა გინდათ და კორპორაციებში დაბერება, ისწავლეთ ეს ოხერი. :)
გაფრთხილება 2: თუ არ იცით ინგლისური, დაწერეთ CV ქართულად, და პარალელურად, იმეცადინეთ ინგლისური! დაგუგლეთ თქვენი პროფესიის რეზიუმეები ინტერნეტში. ოხრად არის ყველა პროფესიის. აიღეთ ფრაზები იქიდან. ნუ გამოიგონებთ ახალ სიტყვებს ინგლისურში. გამოიყენეთ არსებული ლექსიკა. თქვენი მეგობარი, ვინც მზად არის გადახედოს თქვენს cv–ს, არ არის ვალდებული, თქვენი პროფესიის ტერმინოლოგიაში ერკვეოდეს და ეძებდეს გუგლში შესაბამის ტერმინებს! ;)
გაფრთხილება 3: ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება ეს რჩევები, იმას აზრად არ მოუვა წაიკითხოს და გაითვალისწინოს. ნუ მოხვდებით ამ კატეგორიაში, თქვენთვისაა ცუდი. :)
––––––––––––
ახლა კი პოსტი. :)
თუ არც განათლება გაქვთ, არც გამოცდილება, არც ტრენინგზე გივლიათ და არც არაფერი გეხერხებათ, რეზიუმეს ვერ დაწერთ. ჯერ წადით და დაესწარით რამე მოკლევადიან და გრძელვადიან კურსებს, იმუშავეთ უფასოდ, პრაქტიკანტად, იმეცადინეთ ენები თქვენით, ისწავლეთ რამე, შეიძინეთ უნარები, ანუ დააგროვეთ რამე, რისი ჩაწერაც რეზიუმეში შეიძლება. ტყუილა ყოფნაში არავინ იხდის ფულს, “პაჩკა–პაჩკა დოლარები” მარტო კინოებში ცვივა ციდან.
შესაძლოა, თქვენ უკვე მიაგენით თქვენს საოცნებო სამსახურს, ან თქვენ თვითონ ხართ შეფი, ან შეიქმენით ისეთი ცხოვრების სტილი, რომ სამსახური აღარ გჭირდებათ, შესაბამისად, არც რეზიუმე, მაგრამ შესაძლოა კვლავ ბევრი ნაცნობი თუ ახლობელი გაწუხებთ სამსახურში მოწყობის თხოვნით. ჰოდა, გაუგზავნეთ მას ამ პოსტის ლინკი, თუ ინტერნეტი აქვს, თუ არადა, ამოუბეჭდეთ და ისე მიეცით. ;)
რატომ უნდა იყოს რეზიუმე კარგი? დავიწყოთ თავიდან. დაფიქრდით, რატომ გამოაცხადა ამა თუ იმ ორგანიზაციამ ვაკანსია, რატომ აყავს ახალი კადრი?
იმიტომ, რომ უნდა გაიიოლოს ცხოვრება, მოიგვაროს პრობლემები, გააკეთოს მეტი საქმე, გადაიხადოს თქვენში იმაზე ნაკლები, ვიდრე რა  ღირებულებასაც თქვენ შემატებთ თქვენი მუშაობით, ანუ იშოვოს მეტი ფული, და მერე წავიდეს ბაჰამაზე დასასვენებლად ან არჩინოს გაჭირვებული ნათესავები. და არა იმიტომ, რომ ვიღაც მოქალაქე ჭიჭიკოს ფული ჭირდება, რათა გუდაურში ილიჟაოს ან საჭმელი მიიტანოს სახლში.
job1
ესე იგი, რადგან ვიცით, რა არის დამქირავებლის მოტივაცია, ანუ რა უნდა მას როცა აცხადებს ვაკანსიას, თუკი გადავწყვიტეთ, რომ ეს ის ვაკანსიაა, რომელზეც თქვენი თავი გსურთ იხილოთ, მაშინ უნდა დაიწყოთ თქვენი მომავალი შეფის (უფრო სწორად, შეფების, მათი მდივნების, თანაშემწეების, დეპარტამენტის უფროსების) მრავალრიცხოვანი საჭიროებების, სურვილებისა და კაპრიზების ასრულება. :)
დიახ, ბატონო, ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი, და თუ ეგ არ გინდათ, თავისუფლება გინდათ, თქვენს ჭკუაზე სიარული და  პიჟამოებში ბლოგის წერა, მაშინ დაანებეთ CV-ების წერას თავი და ეს პოსტი წაიკითხეთ: რას აკეთებთ ‘დიდ ავიაციაში’. ;)
ორგანიზაციული მენეჯმენტი საქართველოში ცალკე დიდი სავალალო თემაა. :) მასზე სხვა დროს დავწერ. ახლა დავუბრუნდეთ თემას, რეზიუმე გვაქვს დასაწერი. :)
job2
მოკლედ,  განვიხილოთ შემთხვევა, როცა კომპანიის საჭიროებები, სურვილები თუ კაპრიზები მისაღებად მიგაჩნიათ და სრულ ჰარმონიაში ხართ მათთან, ან  უფრო მარტივად, გჭირდებათ  ეს სამსახური, მიზანი გაქვთ და მორჩა.
გაიხსენეთ, რა დავწერეთ თავში:  თქვენს შეფს და მის დამქაშებს უნდათ გაიიოლონ ცხოვრება. გამოაცხადეს ვაკანსია, და ამ დროს იღებენ ისეთ რეზიუმეებს, რომლებიც სიცოცხლეს კი არ უიოლებთ, არამედ დეპრესიაში აგდებთ, მანქანის კაპოტზე გადაღებული სურათები და პროგრამისტის ვაკანსიაზე ფილოლოგების რეზიუმეები…
აიყვანდით თქვენ სამსახურში ასეთ ხალხს? რათქმაუნდა, არა. ამიტომ, უნდა დაწეროთ კარგი, კუსკუსა, რელევანტური რეზიუმე და გააგზავნოთ რეალისტურ ვაკანსიაზე. თუ გინდათ რომ აგიყვანონ სამსახურში, წარმოიდგინეთ, რომ ხართ ამ სამსახურის შეფი, ან ამ სამსახურის HR-ი, და ნახავთ, როგორ გაიოლდება ამოცანა. ;)
ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო.
1) დიზაინი
  • სიმარტივე მეფეა. რეზიუმეში შეიძლება ძალიან მაგარი რაღაცეები გიწერიათ, მაგრამ თუ თვალები დაეთხარა კაცს მის წაკითხვაზე და თავი და ბოლო ვერ უპოვა, არ წაიკითხავს! ანუ რაც შეიძლება მარტივად, სადად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი ავლადიდება ფურცელზე.
  • შრიფტი: არ გამოიყენოთ ცხრა სახის შრიფტი. ქართულად თუ აკეთებთ, გამოიყენეთ აუცილებლად სილფაენი, ინგლისურად– times new roman, ან რამე მსგავსი. მიხრილ–მოხრილ–დარწმაწნული შრიფტები არ გინდათ, 37 ფერი, ბოლდი, იტალიკი, ხაზგასმა და ათასი უბედურება, რაც გაგიგონიათ რომ არსებობს. არადა მოსახლეობის 80 %–მა ვორდიც კი არ იცის წესიერად (არ გეწყინოთ), აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ 90%–მა მეილზე ეთეჩმენთის მიბმა არ იცის. მარტო ფეისბუქი და სკაიპი ვერ გიშველით. ;)
  • ფორმატიც უნდა იყოს მარტივი. აქაც ეცადეთ, რომ არანაირი ტექნიკური ელემენტი არ გამოიყენოთ რეზიუმეში. ერთმა პრაბელზე დაჭერამ შეიძლება დამალოს მუშაობის წლები ან სამსახურის დასახელება. ნუ გაყოფთ შარში თავს. დღეს გამომიგზავნეს რეზიუმე გადასახედად. ვერ ვხედავდი წლებს. ერთი ჩამოვწიე, მეორე გაქრა. მეორე გავწიე, მესამე დაიკარგა. არ გინდათ ეგეთები. :) იმიტომ, რომ სხვადასხვა ვორდში, სხვადასხვანაირად ჩანს.
  • ხაზებს შორის დაშორება: დატოვეთ ხაზებს შორის მანძილები, ასე იოლად იკითხება. გადაბმულ მოთხრობა–ტექსტებს არავინ კითხულობს და ტყუილად ნერვებს უშლით შეფებზე აღრენილ hr-ებს. :)
2) ფაილის გაფართოება: *.doc, *docx, 
დააკვირდით ფაილს. არ უნდა იყოს *.docx ფორმატში. ეს ვორდის ბოლო ვერსიის გაფართოებაა. არადა ჯერ ერთი, რომ ყველას ვორდის ახალი ვერსია არ უყენია კომპზე და, შესაბამისად, ამ ფაილს ვერ გახსნის. მეორეც, არავინდოუსზე ბაზირებული პროგრამები, ყველა არ კითხულობს docx–ს. მაგალითად, აიპედზე შესაძლოა არ გაიხსნას ასეთი ფაილი. არადა შეიძლება თქვენი მომავალი შეფი მივლინებაშია აიპედით და ზუსტად იქ მოიცალა თქვენს რეზიუმეზე გადასახედად.
3) *.pdf ფაილები
1–ელ და მე–2 მუხლებში არსებულ პრობლემებს გამორიცხავს რეზიუმეს პდფ ფაილად შენახვა. ანუ მკითხველს საშუალება ექნება ზუსტად ისე დაინახოს დოკუმენტი, როგორც ეს თქვენს ეკრანზე ჩანს. მაგრამ ამასაც აქვს თავისი ნაკლი: შეიძლება პდფ–რიდერი არ ეყენოს კომპზე მას, ვინც რეზიუმეს ნახულობს (ასეთებიც ხდება, თუმცა იშვიათად).
4) ზომა
სასურველია ორ გვერდზე მეტი არ იყოს რეზიუმე, მაქსიმუმ 3 გვერდი. არ არის აუცილებელი ყველა 2–3 დღიანი ტრენინგი ჩამოწეროთ, სადაც ყოფილხართ, და ახსენოთ ყველაფერი, თუ რამდენჯერ გადადეთ ფანქარი გვერდზე.
5) მართლწერა
მიაქციეთ ამას ყურადღება როგორც რეზიუმეში, ისე სამოტივაციო წერილში თუ უბრალოდ მეილის ფორმაში, სადაც წერთ, “მოგესალმებით, გიგზავნით ჩემს რეზიუმეს”.
რატომ? იმიტომ, რომ თუ თქვენ გეზარებათ თქვენი ორგვერდიანი რეზიუმე გადაიკითხოთ, თუ თქვენ ორ გვერდში გამოგრჩათ წერტილი, მძიმე, ასოები, თუკი ასეთი უყურადღებო და უპასუხისმგებლო ხართ, რას იზავთ მერე სამუშაო ადგილზე, სტრესულ სიტუაციებში, სადაც შესაძლოა ათასობით გვერდებთან ან სხვა დეტალებთან მოგიწიოთ შეხება? მერე რა, თუ, მაგალითად, პროგრამისტი ხართ, ან მეხანძრე, ან დამლაგებელი. ყურადღება და პასუხისმგებლობა ყველა პროფესიას ჭირდება.
ჩემს ერთ მეგობარს რეზიუმეს გაკეთებაში დავეხმარე. დავუბრუნე გასწორებული. გადააგზავნა ვაკანსიის მქონე ორგანიზაციაში და რამოდენიმე დღეში მეუბნება, რომ უარი მიიღო, ანუ არ დაიბარეს გასაუბრებაზე. არადა ლოგიკურად ასე არ უნდა მომხდარიყო, რეზიუმეს ყველა კრიტერიუმი შესაბამისობაში იყო ვაკანსიასთან. ვიცნობდი იმ ვაკანსიის გამომცხადებელს და ვკითხე, რაში იყო საქმე. გადმომიგზავნა ამ ადამიანის სამოტივაციო წერილი, სადაც ასოები აკლდა სიტყვებს!  ასეც დამთავრდა ეს ისტორია. საქმე იმაშია, რომ როცა ათასობით რეზიუმე მოდის ათ ვაკანსიაზე, დამქირავებელმა როგორღაც მცირე ჯგუფზე უნდა დაიყვანოს კანდიდატურები. თუკი ვიღაცას მართლწერა ეშლება, ესე იგი, უყურადღებოა ან პასუხისმგებლობის გრძნობა აკლია. რატომ არ გაცხრილონ? ასე, რომ მიაქციეთ ყურადღება ყველაფერს და ნუ გაბრაზდებით სხვაზე მაშინ, როცა თქვენს თავზე უნდა ბრაზდებოდეთ. საკუთარ თავზე გაბრაზება ერთადერთი სწორი გზაა განვითარებისკენ. :)
6) სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი, ელფოსტა
თავში დასვით ისე, რომ ადვილად იკითხებოდეს. არ გინდათ სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა და ასეთი დეტალები.
7) სურათი. :)
კაპოტზე გადაღებული :D მიამაგრეთ მხოლოდ მაშინ, თუ არ გაინტერესებთ ეს ვაკანსია და გადაწყვიტეთ რომ HR-ი გაართოთ.
არის ხოლმე ვაკანსიები, სადაც ითხოვენ სურათს. თუ ეს მოლარე–ოპერატორის ვაკანსიაა, შეიძლება გააგზავნოთ სურათი, მაგრამ თუ კორექტორის ვაკანსიაა ან რეჟისორის და სურათს გთხოვენ, ესე იგი, ამ ორგანიზაციაში ცოტას უბერავენ და საერთოდ არ გირჩევთ რეზიუმეს გაგზავნას. :)
———–
ეხლა გადავიდეთ შინაარსობრივ მხარეზე:
1) განათლება და გამოცდილება
ჯერ რომელი? ჯერ განათლებაზე დაწეროთ ინფო თუ ჯერ სამუშაო გამოცდილებაზე, ეს უნდა გადაწყვიტოთ ვაკანსიიდან გამომდინარე. რომელიც უფრო შესაბამისი გაქვთ ვაკანსიასთან, ის დასვით წინა ადგილზე. თუ გეოგრაფია–გეოლოგია გაქვთ დამთავრებული, მაგრამ ათი წელია ფინანსისტად მუშაობთ, განათლება ქვევით ჩააჩოჩეთ.
2) სამუშაოს აღწერა
სასურველია, რომ რეზიუმეში ყველა სამუშაო ადგილს ერთი–ორი ხაზი სამუშაოს აღწერაც დაუწეროთ. ეს ყველაზე დასაზარია ხოლმე, მაგრამ იწვალეთ და გააკეთეთ. ამოირჩიეთ 2–3 ისეთი საქმე, რომელიც რელევანტურია, შესაბამისია ვაკანსიასთან.
3) ინტერესები
ეს შეიძლება ჩაწეროთ, შეიძლება – არა. მე გირჩევთ, რომ არ ჩაწეროთ. გრუზინული არაა. :) თუ შემოქმედებითი ვაკანსიაა, შეიძლება ინტერესების ჩამოთვლა წაგადგეთ, მაგრამ თუ ბუღალტრის ვაკანსიაა, შეიძლება არ ღირდეს იმის თქმა, რომ გეიმები გიყვართ. :)
4) ენები
ჩაწერეთ ყველაფერი, რაც ცოტა მაინც იცით, და მიუთითეთ დონეები. ნუ იქნებით თქვენს თავზე ცუდი აზრის და ნუ გგონიათ, რომ არ იცით ენა, თუკი არ სხლავთ. გაუბედეთ, მაგრამ არ მოიტყუოთ.
5) რეკომენდატორები
შეგიძლიათ მიუთითოთ, თუმცა აუცილებელი არაა. დაწერეთ ისეთი ხალხი, ვისთანაც საქმიანი შეხება გქონიათ და არა ბაღის ჯგუფელები, რომლებიც ბაღის მერე არ გინახავთ, მაგრამ ახლა მინისტრებად დაინიშნენ. რეკომენდატორებისგან უნდა გქონდეთ დასტური რეკომენდაციაზე, შეიძლება ახალი სამსახურიდან დაურეკონ, თბილისი პატარაა, ან თქვენ გთხოვონ წერილობითი რეკომენდაციის მიტანა, და უხერხულში რომ არ აღმოჩნდეთ.
6) ტრენინგები, სერთიფიკატები
თუ თეატრალური გაქვთ დამთავრებული და ქსელის ადმინისტრატორის ვაკანსიაზე აგზავნით cv–ის, კარგი იქნება თუ ჩამოთვლით, ამ კუთხით თუ გაქვთ რამე ტრენინგი გავლილი და სერთიფიკატი აღებული. თუ კომპიუტერული მეცნიერებები გაქვთ დამთავრებული, ვორდის კურსების ხსენება საჭირო არ არის.
7) მართვის მოწმობა (ესეც მკითხეს)
რატომ უნდა ახსენოთ cv-ში, რომ მართვის მოწმობა გაქვთ, თუ დისტრიბუტორის ვაკანსიაზე არ აგზავნით რეზიუმეს? თუ თვითონ ითხოვენ/ კითხულობენ, მაშინ უნდა ჩაწეროთ. შეიძლება ტრენერის ვაკანსიაა, რომელმაც მანქანით უნდა იაროს მარტომ რაიონში კვირაში ორჯერ.
საერთოდ, თუ არ იცით, რა ჩაწეროთ და რა არა, მარტივი მისახვედრია. გაგახსენებთ: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ამ ვაკანსიის მქონე კომპანიის დირექტორი! ;) რაში გაინტერესებთ თქვენმა მომავალმა ბუღალტერმა იცის თუ არა მანქანის ტარება?? :)
და ბოლოს, და მგონი ყველაზე მთავარი: facebook–ი. :)
თუ ფეისბუქზე თქვენი სახელით და გვარით ხართ, შეამოწმეთ, რა გიდევთ საჯაროდ და რა მხოლოდ მეგობრების დასანახად. აქაც ეცადეთ, რომ კუპალნიკიანი, დეკოლტეებიანი და ღიპგადმოგდებული სურათები თქვენი ახლობლებისთვის შეინახოთ. ისე, ან მათ რა დააშავეს? ;)
დააკვირდით, ასევე, თუ თქვენი პროფილი საჯაროდ გაქვთ ღია, ესე იგი თქვენი ყველა ნაწერი შეიძლება ნახოს პოტენციურმა დამქირავებელმა, და ასეც იზამს, თუ მართლა დაინტერესდა თქვენით. ამიტომ, watch your mouth. თუ უზრდელობთ და იგინებით, არ გაგიკვირდეთ, თუ არავინ დაგირეკავთ. შესაძლოა მიშისტი ხართ ან ქოცი, თქვენი პოტენციური შეფი კი საპირისპირო მხარეზეა, შარში ხართ. :) მოკლედ, დახურეთ ეგ პროფილი, და ყველას ნუ დაიმეგობრებთ (განსაკუთრებით, უცნობ ადამიანებს), ან თუ დაიმეგობრებთ – დაარესთრიქთეთ (ეს თუ არ იცით, როგორ ხდება, სხვა დროს გასწავლით).  :)
დამატება: 01.09.2014: ფეისბუქზე მეგობრების დაბლოკვაზე (დარესთრიქთებაზე) პოსტი იხ. აქ: “როგორ დავბლოკოთ ფრენდები ფეისბუქზე”.
აბა, კაი ბედი და კაი იღბალი, მიზნების მიღწევას გისურვებთ! :)
ესეც რომ ნახოთ: გუგლის ოფისის ვიდეო. ;)
––––––––––
პ.ს. ალბათ ბევრი რამე გამომრჩა, ზოგიც თქვენ შემახსენეთ და ჩავამატებ. :)
–––––––
გვერდი (page) გავუკეთე ჩემს ბლოგს ფეისბუქზე. ვინც ფიქრობთ, რომ მისი გამოყენება უფრო მოსახერხებელია, დაალაიქეთ: http://www.facebook.com/Russosblogლინკი მიმაგრებულია სურათზეც. :)
fb

No comments:

Post a Comment