Friday, September 12, 2014

გოდერძი ჩოხელი

ადამიანები იმიტომ ბერდებიან, რომ სხვა ყველაფერთან ერთად თანდათანობით აკლდებათ სითბო: მშობლების სითბო, შვილების სითბო, მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების სითბო და რაც მთავარია იმედის სითბო.

გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველანი მოთხრობები ვართ, დავდივართ და ერთმანეთს ვკითხულობთ. ზოგი ცუდი მოთხრობა ვართ, ზოგი კარგი, ზოგი მოწყენილი, ზოგიც იმედით სავსე.

და საერთოდ, ადამიანი დარდებისა და სურვილების თაიგულია. თაიგულები ლამაზია და იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენადაც განსხვავებულია ადამიანის დარდები და სურვილები.


,,იქნებ ადამიანს დაბადებიდანვე მიჰყვება თან თავისი წილი სევდა, რომელიც მერე, სიცოცხლის ბოლომდე განუყრელი თანამგზავრივით დაჰყვება ფეხდაფეხ. ტბასავით უძირო და ღრმაა ადამიანთა სევდა-ნაცრისფერი და ტკივილიანი, მაგრამ ღმერთმა ამ სევდასთან ერთად მოსაწყენი ყოველდღიურობის ნათელი ფერებით ასავსებად პატარ-პატარა სიხარულიც გვიბოძა.. და სწორედ ამ პატარ-პატარა სიხარულისთვის ღირს და ფასობს სოცოცხლე.”

"ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში."

სიყვარული კიდევ, ჩემი აზრით, მარადიულ სიცოცხლეზე ოცნება არის.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?
- მე მგონი მარადიული მონატრებაა..

ციხეს ჰგავს წუთისოფელი, საიქიოსკენ კარღიას.

სევდა საღამოვდება. 

არც მე დამიტევს ეს სოფელი, მეც შევწყინდები..

..სადაც არ უნდა გავექცეთ, სევდა მაინც ყოველთვის ადამიანთა თანამგზავრია და ვერც ადამიანის მიერ დაწერილი მოთხრობები იქნებიან სევდის გარეშე. თუნდაც იმიტომ, რომ რა შეედრება ადამიანად ყოფნის ტკბილ-მწარე სევდას! სევდას, რომელიც ადამიანის სულის მარილია..

 ეს ქვეყანა დროებითი საყუდარია სულისა.

ამქვეყანაზე მოუსვლელობაა უბედურება, თორემ რაკიღა მოვედით, ნუღარაფრისა გეშინიათ. ისეთს რას წაგართმევთ გამჩენი, რაც თვითონ არ მოუცია..

იღბალი ზეციდან მოდის.
სიყვარულიც ზეცის სუნთქვაა, იღბლიანიც და უიღბლოც.
ზეცის სუნთქვას კი რა შეაჩერებს.

ზოგი ხალხის ისტორია ნისლივითაა, შიგნით არაფერი არ ჩანს, მხოლოდ აქა-იქ გამოჩნდება ხოლმე მწვერვალები და ისინიც ისე უმნიშვნელონი, იმავე წამს ნისლით იბურებიან.

ზოგი ქარს ჰგავს: თითქოს გარდასული წინაპრების სული იყვეს აბობოქრებული.

ზოგი თოვლს ჰგავს: ცივია, მაგრამ სპეტაკი და შეურყვნელი.

ზოგი ძვირფას თვალს ჰგავს. ანდა ბნელ ღამეში მბრწყინავ ციცინათელას.

ჩემი ქვეყნის ისტორია კი - დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს მაგონებს.

ადამინებს ვერ დაივიწყებ, შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური სიხარულით და მწუხარებით სავსე წუთები.

შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება მარტოობის ტკბილი სევდა.

შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანური ცოდვა-მადლი.

შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება ღმერთი, რომელიც შენ გწამდა და თუ არ გწამდა, მაინც გყავდა არსებაში.

შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება ადამიანები, რომლებიც შენს გარშემო იყვნენ.

შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება მიწა, რომელზეც შენ დადიოდი.

შენს სულს ყოველთვის ემახსოვრება ის საგნები, რომელთაც შენ შეეჩვიე.

შენს სულში ყოველთვის იქნება შიში, არყოფნის შიში.

და ვინ იცის, რამდენი სხვა რამე...

No comments:

Post a Comment